ადამიანი პენიტენციურ დაწესებულებაში როდესაც ხვდება, ჩვენი ზრუნვის ერთ-ერთი მთავარი საგანია, მოხდეს მისი სრულყოფილი რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.
„ეს იმისთვის კეთდება, რომ როდესაც ადამიანი პენიტენციურ დაწესებულებას დატოვებს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება, მან შეძლოს, იმუშაოს, ჰქონდეს განათლება და არ იფიქროს ახალი დანაშაულის ჩადენაზე; თუ ის კრიმინალური მენტალიტეტის მიმდევართა რიცხვს განეკუთვნება, ეს კრიმინალური მენტალიტეტიც დაივიწყოს და ცხოვრება სრულიად ახლებურად გადაიაზროს. სწორედ ამიტომ, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და ჩვენ ამას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ“, – განაცხადა ბრეგაძემ.
ამ განცხადებით რატი ბრეგაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა ხდება პატიმართა რესოციალიზაციის თვალსაზრისით და რამდენად უწყობს სისტემა ხელს იმას, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ ადამიანები ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ.
იუსტიციის მინისტრმა ამ მიმართულებით არსებულ პროგრამებზე ისაუბრა.
„მაგალითად, პატიმრებს დღეს აქვთ შესაძლებლობა, რომ გარკვეული პროდუქცია აწარმოონ და შემდეგ მისი რეალიზაცია მოახდინონ. გასულ წელს გავხსენით მაღაზია „რემარკეტი“. ეს გულისხმობს რესოციალიზაციის მარკეტს და არის წერეთლის გამზირზე, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია, შეიძინოს პატიმრების მიერ წარმოებული პროდუქცია. აქ არის ტყავის ჩანთები, ყელსაბამები და სხვადასხვა სახის პროდუქცია. ასევე, იმისთვის, რომ მათთვის წარმოების კიდევ უფრო მეტი საშუალება და მოტივაცია მიგვეცა, გავხსენით ონლაინ მაღაზია. ეს არის re-market.ge, სადაც მსურველებს ასევე შეუზღუდავად შეუძლიათ, შეიძინონ პატიმრების მიერ დამზადებული სხვადასხვა პროდუქცია. ამით საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე და, მათ შორის, უცხოელიც წვლილს შეიტანს რესოციალიზაციაში და, შესაბამისად, დანაშაულის პრევენციაში. თანხა მიდის მათთან და მათი ოჯახის წევრებთან. ასევე, პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებობს ბაღები, სადაც პატიმრებს ხილი, ბოსტნეული მოჰყავთ და ამ პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებიც მათ ხმარდებათ. მათ იმის შესაძლებლობაც აქვთ, რომ საკუთარი ოჯახის წევრებსაც დაეხმარონ“, – განაცხადა ბრეგაძემ.
მისი თქმით, პროდუქციის წარმოების შესაძლებლობა რამდენიმე დაწესებულებაში არსებობს, იქ, სადაც რისკი მცირეა და ამ პროცესში დაახლოებით ათასამდე პატიმარია ჩართული.
„პატიმრებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, ახალი პროფესია შეისწავლონ, თავად პატიმრები ასწავლიან, რომლებსაც უკვე გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგები. როდესაც მათ შეხვდებით, ნახავთ, რომ ამ ადამიანებში საკმაოდ დიდია მოტივაცია, რომ რაც შეიძლება, კვალიფიციურად დაეუფლონ ახალ პროფესიას და შემდგომში, როდესაც დაწესებულებას დატოვებენ, ფაქტობრივად, როგორც მეწარმეებმა, საკუთარი ბიზნესი დაიწყონ“, – განაცხადა ბრეგაძემ.
გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, არსებობს თუ არა კონკრეტული ქეისები, რომ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ადამიანმა საკუთარი ბიზნესი შექმნა, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ასეთი შემთხვევები არის.
„მათ უკვე საკუთარი ოჯახის წევრებთან ერთად აწყობილი აქვთ ონლაინ მაღაზიები. ერთ-ერთი პატიმარია, რომელსაც სულ მალე გასვლა უწევს, მის სახელს და გვარს, რა თქმა უნდა, არ დავასახელებ და მან გვთხოვა, მისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, ისევ იყოს პენიტენციურ დაწესებულებაში, უკვე არა როგორც პატიმარი, არამედ როგორც ბიზნესის სფეროს წარმომადგენელი, დაასაქმოს სხვა პატიმრები, მათთან ერთად აწარმოოს გარკვეული პროდუქცია და მათ რეალიზაციაში დაეხმაროს“, – განაცხადა ბრეგაძემ.
რატი ბრეგაძემ ასევე განაცხადა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში იუსტიციის სახლების გახსნა ქართული ინოვაციაა, რაც მხოლოდ საქართველოში არსებობს.
„მე ძალიან ამაყი ვარ, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში სერვისების მიწოდების კუთხით საქართველო ნამდვილად არის საუკეთესო მაგალითი მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრმა პატიმრების განათლებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პატიმრებს ონლაინ განათლების მიღების საშუალება აქვთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ კუთხით პატიმრების დაინტერესება მაღალია.
„პატიმრები განათლების გადასახადს არ იხდიან. ეს არის საპილოტე რეჟიმი. ჩვენ ვაკვირდებით და მომავალში, რა თქმა უნდა, ეს პროექტი კიდევ იქნება გადახედილი. პირდაპირ რომ გითხრათ, საქართველო ამ მხრივაც არის ერთ-ერთი მოწინავე, პენიტენციურ დაწესებულებებში განათლების მიღების შესაძლებლობებით“, – განაცხადა ბრეგაძემ.
მისივე თქმით, პატიმრებს საკუთარ ფიზიკურ სიჯანსაღეზე ზრუნვის შესაძლებლობაც აქვთ და უკვე რამდენჯერმე ჩატარდა სპორტის ფესტივალი შვიდ სახეობაში, სადაც პატიმრებმა მიიღეს მონაწილეობა.
ამასთან, რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ გასულ წელს მარჯანიშვილის თეატრში ქალმა პატიმრებმა სპექტაკლი წარმოადგინეს, რამაც სრული ანშლაგით ჩაიარა.
„ამით მათი კონტაქტი შედგა საზოგადოებასთან. საზოგადოებამ იხილა, თუ რისი გაკეთება შეუძლია ადამიანს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება და ეს ღონისძიება კიდევ უფრო მეტად დაეხმარა პატიმრებს იმაში, რომ გაეაზრებინათ თავისუფლების ფასი და ჩადენილი დანაშაული. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ ქალმა პატიმრებმა მოიგეს მსოფლიო ჩემპიონატი ონლაინ ჭადრაკში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება. ეს არის სწორედ იმ პირობების დამსახურება, რომლებიც მათთვის პენიტენციურ დაწესებულებებში შეიქმნა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.