რატი ბრეგაძე - ადამიანებმა, რომლებსაც გამოკრული აქვთ თავიანთი ბელადის, ყოფილი მთავარსარდლის სურათი, ხელი მოაწერეს რეზოლუციას და ამბობდნენ, რომ აგვისტოს ომის დროს არაპროპორციული ძალა ჩვენ გამოვიყენეთ
დღეს რაიმე სახის პატრიოტიზმზე გვესაუბრებიან ადამიანები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის რეზოლუციას, მტრულ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში განაცხადა.
რატი ბრეგაძემ აღნიშნული რეზოლუციიდან რამდენიმე ამონარიდი წაიკითხა და აღნიშნა, რომ ამის შესახებ ყველამ უნდა იცოდეს.
„მინდა, საზოგადოებას, მათ შორის ამ დარბაზში მყოფ ოპოზიციის წარმომადგენლებს შევახსენო რამდენიმე ამონარიდი. მაგალითისთვის: „2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით ესკალაცია ახალ, კერძოდ, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, საქართველოს მხრიდან წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში, და დარღვევას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების, კონფლიქტები გადაწყვიტოს მშვიდობიანი საშუალებით“.
მეორე ამონარიდი: „ასამბლეა შეშფოთებულია ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ფაქტების გამო, რომლებიც ჩადენილ იქნა ორივე მხარის მიერ ომის მიმდინარეობისას, როგორებიცაა მშვიდობიან მოქალაქეთა განზრახ ან გაუფრთხილებლობით გამოწვეული მოკვდინება ან დაჭრა, ისევე, როგორც საკუთრების ხელყოფა. კერძოდ, განურჩეველი ძალისა და შეიარაღების გამოყენება სამოქალაქო ტერიტორიებზე როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის სამხედრო ძალების მიერ, შესაძლოა, მიჩნეულ იქნას, როგორც ომის დანაშაულები, რაც საფუძვლიან გამოძიებას საჭიროებს“.
ვის ეკუთვნის ეს ფრაზები და ვინ მოაწერა ამას ხელი? ეს ყველაფერი არის ამონარიდი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციიდან. წარმოგიდგენიათ, რომ ამ რეზოლუციაზე ხელის მოწერა შეეძლო ქართველს? ეს ხომ ყველასთვის წარმოუდგენელია. სწორედ ამ ადამიანებმა, ახლა აქ რომ აქვთ გამოკრული თავიანთი ბელადის სურათი, თავიანთი ბელადის ხელმძღვანელობით, მოაწერეს ხელი მტრულ გადაწყვეტილებას. როგორ შეიძლება, ადამიანი იდგე შენი შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის ძალების გვერდით, გულზე მჯიღს იცემდე, ვითომ პატრიოტობას ქადაგებდე და სინამდვილეში ასეთ რეზოლუციას აწერდე ხელს? სწორედ ამ ადამიანებმა მოაწერეს ხელი, რაც ყველამ უნდა იცოდეს. ეს არ არის ჩემი სიტყვები და თუ ვინმეს დასჭირდება, მივაწვდი.
ეს არის, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელმოწერილი რეზოლუცია, რომლებიც პირდაპირ ამბობდნენ, რომ ჩვენ გამოვიყენეთ არაპროპორციული ძალა და ამას აბრალებდნენ საქართველოს თავდაცვის ძალებს, იმ ბიჭებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, საკუთარი სიცოცხლე შესწირეს საკუთარ ქვეყანას. დღეს გვესაუბრებიან რაიმე სახის პატრიოტიზმზე, რუსეთზე და ასე შემდეგ სწორედ ის ადამიანები, რომლებმაც ამ რეზოლუციას მოაწერეს ხელი. ეს არის მათი სირცხვილი, რასაც ვერასდროს ჩამოირეცხავენ.
კიდევ ერთ ამონარიდს წავიკითხავ: „იმ ტერიტორიების უმეტესობა, რაც რუსებმა წაიღეს, არის ქვების გროვა, მას აქვს ნულოვანი ღირებულება“. იცით, ვისია ეს სიტყვები? აქ რომ გამოკრული აქვთ დროშა, ამ ადამიანის, ყოფილი მთავარსარდლის, რომელიც საქართველოს მოქალაქეობიდან გავიდა და სხვა სახელმწიფოს სამსახურში ჩადგა. კიდევ ბედავს აქ ბოტკოველი თუ ვიღაც სხვა, რომ რაიმე სახით ჩვენ გველაპარაკება რუსეთზე და ნებისმიერ სხვა სახელმწიფოზე. ეს მემკვიდრეობა დატოვა ამ ხალხმა და მე მხოლოდ ამონარიდებს ვკითხულობ, მათსავე სიტყვებს ვციტირებ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.