რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ უკრაინულ მხარეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით არ მიუმართავს
საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, უკრაინულ მხარეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით არ მიუმართავს.
კითხვაზე, შეიძლება მოხდეს სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირება?, – რატი ბრეგაძემ უპასუხა: „ექსტრადირება, ანუ იქ ჩაიდინა დანაშაული? ექსტრადიცია ხორციელდება, როცა ადამიანმა იქ ჩაიდინა დანაშაული. ექსტრადიციის შესახებ ნამდვილად არ მოუმართავთ. არ მოუმართავთ ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნით. ჩვენ განვიხილავთ აბსოლუტურად ყველა წერილს, რომელიც შემოდის სამინისტროში. ექსტრადიციაზე მოთხოვნა არ შემოსულა, ამას ნამდვილად გიდასტურებთ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
რატი ბრეგაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სრულიად მიუღებელია განცხადება, როცა საქართველოს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე აბრალებენ, თითქოს ხდება ვინმეს წამება.
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საპირისპიროდ გვეუბნებიან რომ ვინმეს ვაწამებთ. შესაბამისად, რამე სხვა თხოვნებზე და მოთხოვნებზე ამ ეტაპზე არ ვფიქრობ, რომ საუბარს აზრი ჰქონდეს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.