რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, პენიტენციურ დაწესებულებაში უკრაინის სახალხო დამცველის შესვლა გათვალისწინებული არ არის და ამის ვალდებულება არ არსებობს
საქართველოს კანონმდებლობით, არ არის გათვალისწინებული საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში უკრაინის სახალხო დამცველის შესვლა, არ არის ამის აუცილებლობა, არ გვაქვს ჩვენ ამის ვალდებულება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ ეძლევა უკრაინის სახალხო დამცველს, ლუდმილა დენისოვას ამ დრომდე მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს მონახულების საშუალება.
„პატიმარი როცა იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში, ვალდებული ვართ, მაქსიმალურად შევეცადოთ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს ბოლომდე დაცული და როგორც მოგახსენეთ, სწორედ ამ მოტივებით სახალხო დამცველი ჯერჯერობით არ იქნა შეშვებული. ბუნებრივია, შემოსულია წერილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით და ჩვენ აუცილებლად დავუბრუნებთ პასუხს.
წინა შემთხვევაში, როდესაც დენისოვა იმყოფებოდა და გააკეთა ცალმხრივი განცხადება, ალბათ, კარგი იქნებოდა, მაშინ შევხვედროდით, რათა მოესმინა ჩვენი პოზიცია და გათვალისწინებული ყოფილიყო ორივე მხარის პოზიცია. როდესაც დენისოვა მე-12 დაწესებულებაში შევიდა, გამოსვლისას გააკეთა მხოლოდ ცალმხრივი შეფასება და არ დაუსვამს ჩვენთვის არც ერთი კითხვა იმის შესახებ, შეესაბამებოდა თუ არა ის ინფორმაცია სინამდვილეს, რომელიც მას მიაწოდეს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.