რატი ამაღლობელი - რუსული კანონის მიღებას მივიჩნევთ ხელისუფლების კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლად, ხვალ თუ ჩაინიშნება პლენარული მოსმენა, საზოგადოებრივი ჯგუფები მოუწოდებენ მოქალაქეებს, ხელი შევუშალოთ
29 აპრილს გავაპროტესტებთ რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენას, მაგრამ არ ვაპირებთ, გადავიკვეთოთ ჩვენს თანამოქალაქეებთან, რომლებსაც ხელისუფლება საღამოს საათებში შეკრებს პარლამენტთან, – ამის შესახებ რესპუბლიკის მოედანზე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, რატი ამაღლობელმა განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ხვალ პარლამენტი მოულოდნელად ჩანიშნავს მეორე პლენარულ მოსმენას, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები მოუწოდებენ მოქალაქეებს, ხელი შეუშალონ ანტიკონსტიტუციური კანონის მიღებას.
„საქართველოს მოქალაქეები არ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპული კურსის ცვლილებას და სტრატეგიული პარტნიორების დაკარგვას, რასაც რუსული კანონის მიღება გამოიწვევს. საქართველოს მოქალაქეები ვთანხმდებით, რომ საქართველოს პარლამენტი არ უნდა გახდეს ანტიკონსტიტუციური კანონების მიღების ადგილი. საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის მიღებას მივიჩნევთ, როგორც ხელისუფლების გასვლას კონსტიტუციური ჩარჩოდან. საქართველოს მოქალაქეები არ დავუშვებთ დემოკრატიის ჩანაცვლებას ანტიკონსტიტუციური, ავტორიტარული მმართველობით. ამიტომ დღეს რესპუბლიკის მოედნიდან დავიძრებით მარშით სწორედ საქართველოს პარლამენტის მიმართულებით. მოქალაქეები შემოვარტყამთ წრეს საქართველოს პარლამენტს და შევკრავთ ჯაჭვს. ეს იქნება ჩვენი მოქალაქეობრივი ხორუმი. შევკრავთ ჯაჭვს, როგორც სიმბოლოს საქართველოს მოქალაქეთა ერთობისა. ჩვენ ვიცით, რომ 29 აპრილს ილუზორული მხარდაჭერის სადემონსტრაციოდ ხელისუფლებას იძულებით მოჰყავს ჩვენი თანამოქალაქეები, რომელთა დიდ ნაწილსაც არ სურს რუსული კანონის მიღება. ჩვენ ვიცით, რომ 29 აპრილს ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ აქციაზე მდგარი ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა მხარს უჭერს ჩვენს მოთხოვნებს და არა რუსულ კანონს. ჩვენი მოთხოვნების სამიზნე იქნება და არის ხელისუფლება და არა ხალხი. ამიტომ ჩვენ არ გადავდგამთ არცერთ ნაბიჯს, რათა მტრის გეგმას შევუწყოთ ხელი და არარსებული საზოგადოებრივი დაპირისპირების სურათი დაიხატოს. ჩვენ 29 აპრილს გავაპროტესტებთ რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენას, მაგრამ არ ვაპირებთ, გადავიკვეთოთ ჩვენს თანამოქალაქეებთან, რომლებსაც ხელისუფლება საღამოს საათებში შეკრებს პარლამენტთან. კატეგორიულად მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ხვალ, 29 აპრილს არ ჩანიშნოს მეორე პლენარული მოსმენა. არ ჩანიშნოს მეორე პლენარული მოსმენა, მაგრამ თუ ხვალ, 29 აპრილს პარლამენტი მოულოდნელად ჩანიშნავს რუსული კანონის მეორე პლენარულ მოსმენას, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები მოუწოდებენ მოქალაქეებს, ხელი შევუშალოთ ანტიკონსტიტუციური კანონის მიღებას. ხელისუფლებამ იცოდეს, რომ მეორე პლენარული მოსმენის დროს, როცა არ უნდა ჩაინიშნოს ის, გვექნება კონკრეტული გეგმა და ლოკაციები, სადაც მოვუწოდებთ მოქალაქეებს შეკრებისკენ, რათა წინ აღვუდგეთ საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და საგარეო კურსის ცვლილების თავსმოხვეულ ავანტურას, ძალა ერთობაშია“, – განაცხადა რატი ამაღლობელმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს დღევანდელ ბრიფინგზე კითხვა დაუსვეს, ხომ არ ჩატარდებოდა ხვალ პლენარული სხდომა, სადაც მოხდებოდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა. მამუკა მდინარაძემ სესიის ჩატარება გამორიცხა.