რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სუს-ში გამოკითხვები მიმდინარეობს
რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სუს-ში გამოკითხვები მიმდინარეობს. გამომძიებლების კითხვებს ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაცია „გერატის“ დამფუძნებელი ზურმუდ კურბანოვი პასუხობს. ის უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა.
როგორც კურბანოვი ამბობს, მესამე ძალის ინტერესებშია, რომ ქართველ აზერბაიჯანელებსა და ქართველებს შორის ურთიერთობებში განხეთქილება შეიტანონ. მათ შორის ორგანიზაცია „გერატის“ ხელმძღვანელის სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარებზე მიუთითებს.
„როდესაც საქართველოს ოკუპაცია ხორციელდება, ამ დროს ვიღაცას სურს, რომ დესტაბილიზაცია მოხდეს ქვემო ქართლში. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ სიტუაცია დაიძაბოს. ჩვენ ვართ ქართველი აზერბაიჯანელი ხალხი, ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ვიღაცებმა თავისი პოლიტიკური ინტერესები დააყენონ სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა. ჩვენთვის არის ერთი წმინდა სახლი და ეს არის საქართველო. მთელი ეს უკმაყოფილება დაიწყო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ კომენტარებით, ეს იყო გვერდი „ალილო მარნეული“, სადაც ქსენოფობიურ კომენტარებს წერდნენ. ვფიქრობ, რომ ამის უკან დგას მესამე ძალა, რომელსაც არ უნდა საქართველო განვითარდეს და რეგიონულ ძალად იქცეს აზრებაიჯანთან ერთად“, – განაცხადა ზურმუდ კურბანოვმა.
კურბანოვის ადვოკატის განცხადებით, მას გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი და დეტალებზე ვერ ისაუბრებს. შესაძლოა, კითხვები ორგანიზაციის ხელმძღვანელს ნარიმან ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებითაც დაუსვან.
ამ საქმეზე დღეს ასევე დაგეგმილია კიდევ რამდენიმე პირის გამოკითხვა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით გამოძიება მიმდინარეობს. ინფორმაცია სუს-ის ფეისბუქგვერდზე 30 მაისს გავრცელდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ დეპარტამენტი ფლობს ოპერატიულ ინფორმაციას, რომ საქართველოში არსებობენ ჯგუფები და მოქალაქეები, რომლებიც ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას ცდილობენ.