რასიზმის წინააღმდეგ აქციაზე პარიზში ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა
რასიზმის წინააღმდეგ აქციაზე პარიზში ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა

ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე რასიზმის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

დემონსტრანტებმა მუხლი მოიყარეს და აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალადობის შედეგად გარდაცვლილ ჯორჯ ფლოიდს რვა წუთის განმავლობაში დუმილით პატივი მიაგეს.

მანიფესტანტებს ხელში ეკავათ პლაკატები წარწერებით: „შეწყდეს პოლიციის ძალადობა“, „შეწყდეს რასიზმი“ და „მე ვერ ვსუნთქავ“.

პარიზში საპროტესტო აქციამ მშვიდობიან ვითარებაში ჩაიარა.

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართა საფრანგეთის ქალაქ ნანტშიც.

როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, 8 ივნისს საფრანგეთის მთავრობამ პოლიციას ეჭვმიტანილების დაკავებისას ე.წ. მახრჩობელა ილეთის გამოყენება აუკრძალა.