რასა იუკნევიჩიანე სალომე ზურაბიშვილის პოსტს ეხმაურება - თქვენ ისტორიის არასწორ მხარეს ხართ
და რა? თქვენ ისტორიის არასწორ მხარეს ხართ, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე დნეპროპეტროვსკის დაბომბვასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს.
ამასთან ერთად, ევროპარლამენტარის პირად ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველო უკრაინას სამხედრო დახმარებას არ გაუწევს, რადგან არ სურს, გახდეს კონფლიქტის მხარე.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში, საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სასტიკი თავდასხმა არის საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა“.
„კატეგორიულად ვგმობ სასტიკ თავდასხმას საცხოვრებელ კორპუსზე უკრაინის ქალაქ დნიპროში. მოსახლეობის მიმართ ძალადობის მიუღებელი ჩვენება, ეს არის საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევა. ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანები დნიპროში და უკრაინაში“, – დაწერა „ტვიტერში“ სალომე ზურაბიშვილმა.