რას შეცვლის თურქეთის რეფერენდუმი
რას შეცვლის თურქეთის რეფერენდუმი

თურქეთის რეფერენდუმამდე ერთი დღე რჩება. იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობის უმრავლესობა სარეფერენდუმო შეკითხვას დადებითად უპასუხებს, რეჯეფ ტაიპ ერდოღანს საშუალება მიეცემა, ქვეყანას 2029 წლამდე უხელმძღვანელოს.

საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრეები ფიქრობენ, რომ მმართველობის ახალი ფორმა ქვეყნის მოდერნიზებას შეუწყობს ხელს და რეფორმების პროცესს დააჩქარებს. მოწინააღმდეგეები კი ფიქრობენ, რომ ცვლილებები ხელისუფლების ძალაუფლებას ძალიან გაზრდის.

რეფერენდუმმა, შესაძლოა, თურქეთის მმართველობის სისტემაში, ქვეყნის დაარსების შემდეგ ყველაზე დიდი ცვლილებები მოიტანოს.

პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი გამარჯვებაში დარწმუნებულია.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, უქმდება პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და პრეზიდენტს ეძლევა უფლება დააკომპლექტოს მინისტრთა კაბინეტი და სახელმწიფო ბიუროკრატია მთლიანად დაიქვემდებაროს.

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, ახალი პოლიტიკური სისტემა სტაბილურობას მოიტანს.

 

რა იცვლება თურქეთის კონსტიტუციაში

1. პრეზიდენტს უფლება ეძლევა პირდაპირ დანიშნოს უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირები, მათ შორის მინისტრები.

2. მას უფლება ეძლევა დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ვიცე-პრეზიდენტი.

3. უქმდება პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

4. პრეზიდენტს უფლება ექნება ჩაერიოს სასამართლო სისტემის საქმიანობაში.

5. პრეზიდენტი გადაწყვეტს, გამოაცხადოს თუ არა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა.

საკონსტიტუციო ცვლილებების კრიტიკოსები შიშობენ, რომ ცვლილებები ერთი ადამიანის – პრეზიდენტის ხელში აქცევს მთელს ძალაუფლებას. მათივე ვარაუდით, ერდოღანის მჭიდრო კავშირი იმ პოლიტიკურ პარტიასთან, რომლის ერთ-ერთი თანადამფუძნებელიც თავად არის, გამორიცხავს პრეზიდენტის არაპარტიულობასა და მიუკერძოებლობას.

CNN ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შემთხვევაში, პრეზიდენტს უფლება ექნება მოსამართლეები პარლამენტის თანხმობის გარეშე დანიშნოს.

როგორც CNN-თან ინტერვიუში ლონდონის ეკონომიკური სკოლის თურქული სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა ესრა ოზირეკმა განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, პარლამენტი აბსოლუტურად არაეფექტური გახდება.

„ერდოღანს მკვეთრად გამოხატული ქარიზმატული მახასიათებლები აქვს – ხალხს, რომელსაც ის უყვარს, უყვარს ძალიან, ხოლო ვისაც სძულს, სძულს ასევე ძალიან. რთულია თურქეთში შეხვდე ადამიანს, რომელსაც მის მიმართ ძლიერი გრძნობები არ აქვს“, – განაცხადა ოზირეკმა.

 

წინასწარი შედეგები

Reuters-ის ინფორმაციით, კვლევითი კომპანია „კონდას“ წინასწარი გამოკითხვის თანახმად, სარეფერენდუმო შეკითხვას დადებითად 51.5% პასუხობს, თუმცა კომპანია აქვე განმარტავს, რომ აღნიშნულ მონაცემებში ცდომილების ზღვარი 2.4%-ია.

კიდევ ერთი გამოკითხვის თანახმად, რომელიც კვლევითმა კომპანია „გეზიჩიმ“ ჩაატარა, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს გამოკითხულთა 51.3% უჭერს, ხოლო ეწინააღმდეგება 48.7%. იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც გადაწყვეტილი არ აქვთ, როგორ უპასუხებენ რეფერენდუმის შეკითხვას 9.9%-ია.

Reuter-ის ინფორმაციით, იმ ცხრა წინასწარი კვლევის მიხედვით, რომელთა შედეგებიც Reuters-მა მოიპოვა, საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრეთა საშუალო რაოდენობა 50.9%-ია.

 

რა მოხდა თურქეთში რეფერენდუმამდე

თურქეთში მნიშვნელოვანი ცვლილებები 2016 წლის ივლისში დაიწყო, როდესაც ხელისუფლების მტკიცებით, მათ დაგეგმილი სამხედრო ამბოხი ჩაახშეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ მოვლენების დროს 249 ადამიანი მოკლეს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეს ამბოხი წარმატებული იქნებოდა და ხელისუფლება მის ჩახშობას ვერ შეძლებდა, მაშინ ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამბოხის მიზანი ერდოღანის გადაყენება იყო, პრეზიდენტმა მას „ღვთის საჩუქარი“ უწოდა.

მთავრობამ ერდოღანის ათასობით მოწინააღმდეგე დააპატიმრა, იგივე ბედი ეწიათ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, 100 ათასზე მეტმა ადამიანმა სამუშაო ადგილი დაკარგა, მათ შორის სკოლის პედაგოგებმა და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებმა.

მთავრობის დევნის სამიზნე იყო ყველა ის ადამიანი, რომელსაც რაიმე ფორმით კავშირი ჰქონდა ფეთულა გიულენთან, რომელიც ჯერ ერდოღანის მეგობარი იყო, ხოლო შემდეგ მის მთავარ მოწინააღმდეგედ იქცა. გიულენი ქვეყნიდან გააძევეს და ის ამჟამად აშშ-ში იმყოფება.

 

ვინ უჭერს მხარს ერდოღანს

CNN-ის ინფორმაციით, ერდოღანის მხარდამჭერთა უმრავლესობა თურქეთის საშუალოზე მაღალი ფენის წარმომადგენელია, რომლის ცხოვრებაც ქვეყნაში ეკონომიკური ბუმის შემდეგ გაუმჯობესდა.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მათი საშუალო ხელფასი 2003 წელს 3800 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო 2017 წელს – 10 ათას დოლარამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეების რაოდენობა 23%-დან 2%-მდე შემცირდა.

თურქეთში ისტორიული რეფერენდუმი 16 აპრილს ჩატარდება. წინასწარი შედეგები კი ცნობილი დღის ბოლოს გახდება.

 

წყაროები: BBC, CNN, Reuters