რეზერვის სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებები 11 კანონში შედის, რომლის ძირითადი ნაწილი 2018 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდება, ხოლო სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული მართვის სისტემის ნაწილი 2020 წლის 1-ელი ივნისიდან. აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება ბიუროს გუშინდელ სხდომაზე მოხდა, რომლის ავტორი თავდაცვის სამინისტროა.
კანონპროექტის თანახმად, სამხედრო-სარეზერვო სამსახური ორ ძირითად სახედ იყოფა: აქტიურ სარეზერვო სამსახურად და სამობილიზაციო-სარეზერვო სამსახურად.
პროექტის გათვალისწინებით, აქტიური სარეზერვო სამსახური შედგება: შეიარაღებული ძალების რეზერვისგან, ტერიტორიული რეზერვისგან, სპეციალისტთა რეზერვისგან. ცვლილებებით, სამხედრო-სარეზერვო სამსახურში მყოფი პირის ასაკი განისაზღვრება: შეიარაღებული ძალების რეზერვში – 50 წლამდე, ტერიტორიულ რეზერვში – 55 წლამდე, სპეციალისტების რეზერვში – 65 წლამდე, სამობილიზაციო რეზერვში – 60 წლამდე.
კანონპროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს კანონპროექტის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, 60 წელს გადაცილებული პირი, მისი სურვილის შემთხვევაში, შეიძლება დარჩეს, ან ჩაირიცხოს სამობილიზაციო რეზერვში.
„აღნიშნული რეგულაცია ხელს შეუწყობს იმას, რომ სამობილიზაციო რეზერვში მაღალპროფესიონალი კადრები გვყავდეს”, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
მთავრობის მიერ წარმოდგენილ პროექტში კონკრეტდება, რომ აქტიურ რეზერვში მყოფ პირს კონტრაქტით სამსახურის მთელი ხუთწლიანი პერიოდი შრომის საერთო სტაჟში ჩაეთვლება, ხოლო გამოძახების შემდგომ სარეზერვო სამსახურის პერიოდი -კომპენსაციის დასანიშნ სტაჟში.
ცვლილებებით, გაწვევის შემთხვევაში, რეზერვისტს სამუშაო ადგილი და ხელფასი შეუნარჩუნდება. როგორც კანონპროექტის ავტორები აღნიშნავენ, მნიშვნელოვანი სიახლეა სამობილიზაციო რეზერვის მართვის სისტემა, რომელიც მოიცავს სამობილიზაციო რეზერვისტების აღრიცხვის, გაწვევის, გამოძახების, მომზადების, ტრანსპორტირებისა და მართვის პროცესებს, რაც გაზრდის სამობილიზაციო რეზერვის ოპტიმალური გადანაწილება-გამოყენების, ასევე ქვედანაყოფების გაძლიერებისა და დანაკარგების უწყვეტი შევსების შესაძლებლობებს.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებებს განიცდის, ასევე სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირთა გაწვევისა და გამოძახების ინსტიტუტიც. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, რეზერვისტის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი და მუნიციპალიტეტი იღებენ.
პროექტის მიხედვით კი, სამობილიზაციო რეზერვისტების გაწვევას გამოაცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს მთავრობა ან საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ხოლო მათ გამოძახებას მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს. კანონპროექტით ცვლილებები ასევე ეხება სამხედრო-სარეზერვო სამსახურში გაწვევის საკითხსაც. პროექტით, რეზერვის საკითხების სრულყოფილად დარეგულირების მიზნით, სამობილიზაციო კომისია შეიქმნება.
ამასთანავე, ინიციატივით მთლიანად იცვლება სამობილიზაციო-სარეზერვო სამსახურისაგან გათავისუფლებისა და გაწვევის გადავადების, ასევე მობილიზაციის დროს რეზერვში მყოფი პირების დაჯავშნის წესი და პირობები. კერძოდ, საჯარო და კერძო დაწესებულებების შეუფერხებლად ფუნქციონირების მიზნით, მთავრობის დადგენილების საფუძველზე, განსაზღვრული იქნება აღნიშნული დაწესებულებების ნუსხა და იმ პროფესიების/თანამდებობების ჩამონათვალი, რომელთაც საომარი მდგომარეობის დროს არ შეეხება რეზერვში გაწვევა.
პროექტის თანახმად, აღნიშნული კერძო და საჯარო დაწესებულებები, მთავრობის დადგენილებისა და ელექტრონულ მართვის სისტემაში განსაზღვრული კვოტების/ლიმიტის ფარგლებში უშუალოდ განახორციელებენ ელექტრონული მართვის სისტემაში ზემოთ აღნიშნულ პირთა დაჯავშნას, რაც კანონპროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს.
რაც შეეხება რეზერვისტის შრომის ანაზღაურებას, პროექტში ნათქვამია, რომ აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირს მიეცემა ყოველთვიური შრომის ანაზღაურება, რომელიც იქნება მისი წოდებრივი სარგოს 20%-ი, ხოლო გამოძახებისა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში – შრომის ანაზღაურების სრული ოდენობა.
„აქტიურ სარეზერვო სამსახურში მყოფი პირის წლიური სახელფასო ანაზღაურება, საშუალოდ, 3582 ლარი იქნება, რომელიც შედგება 2090 ლარი (წ/სარგოს 20%-იწლისგანმავლობაში) + 1492 ლარი(წ/სარგოს 100%-ი 45 დღეში). დღეს არსებული ფინანსური გაანგარიშების მიხედვით, რეზერვისთვის დადგენილი წლიური დანახარჯი – 1492 ლარს შეადგენს, შესაბამისად, ახალი პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ხარჯთან მიმართებით დანახარჯების ზრდა იქნება – 2090 ლარი.
2018 წელს საპილოტე პროექტი იწყება, რომელიც აქტიურ რეზერვში 260 პირის მიღებას ითვალისწინებს. 2018 წლის განმავლობაში, აქტიურ რეზერვში მყოფი პირების შრომის ანაზღაურების, კვების, აღჭურვისა და მომზადების მთლიანი ხარჯი – 1 370 934 ლარს შეადგენს”, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.