საქართველოს პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ ორი კანონპროექტი დაინიცირდა. ერთი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ეკუთვნით, მეორე კი – მმართველ პარტიას.
„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული პროექტი ითვალისწინებს, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.
საქართველოს პირველი არხი „ქართული ოცნების“ პროექტს უცვლელად გთავაზობთ:
„მუხლი პირველი – სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.
ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება აგრეთვე პირზე, რომელმაც ჩაიდინა ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა.
ამ მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ვრცელდება პირობით მსჯავრზეც.
ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმა, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებულია, მსჯავრდებულს არ დაუბრუნდება.
მუხლი მეორე – ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 144-ე პირველი პრიმა და 144-ე მესამე პრიმა მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე.
მუხლი მესამე – გამოძიების ეტაპზე ბრალდებულის, მათ შორის ძებნილი ბრალდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას, ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში იღებს შესაბამისი პროკურორი. პირის მიმართ ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება უქმდება.
სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე ბრალდებულის, მათ შორის ძებნილი ბრალდებულის, ასევე მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას, უახლოეს სასამართლო სხდომაზე ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, იღებს შესაბამისი სასამართლო. პირის მიმართ ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება უქმდება.
თუ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია, მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას, ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ იღებს თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.
ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მსჯავრდებულის პირად საქმეს უგზავნის: ა) პენიტენციურ დაწესებულება, თუ მსჯავრდებული სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში; ბ) დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, თუ მსჯავრდებულს არასაპატიმრო სასჯელი აქვს შეფარდებული ან პრობაციის რეჟიმში იმყოფება.
ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას, უახლოეს სასამართლო სხდომაზე ამ კანონით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ იღებს: ა) სააპელაციო სასამართლო, თუ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი გასაჩივრებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით; ბ) უზენაესი სასამართლო, თუ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი გასაჩივრებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.
თუ ძებნილ მსჯავრდებულს განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია, მის მიმართ ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას, ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ იღებს თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.
ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მსჯავრდებულის პირად საქმეს უგზავნის საქართველოს გენერალური პროკურატურა.
მუხლი მეოთხე – პირის მიმართ, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, სამართალწარმოება გრძელდება. ეს პირი სარგებლობს სამართლიანი სასამართლოს უფლებით. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სასამართლოს განაჩენი გამოაქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის დაუცველად, სასჯელის დანიშვნით. აღნიშნული განაჩენი საჩივრდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად.
პირს, რომლის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, უფლება აქვს ნებისმიერ დროს გამოიხმოს თავისი უარი ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის მის მიმართ გავრცელებაზე. თუ აღნიშნული უარი გამოხმობილი იქნა: ა) სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, სასჯელისაგან და პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას, უახლოეს სხდომაზე იღებს შესაბამისი სასამართლო; ბ) სამართალწარმოების დასრულების შემდეგ, სასჯელისაგან და პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.
ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მსჯავრდებულის პირად საქმეს უგზავნის: ა) პენიტენციურ დაწესებულება, თუ მსჯავრდებული სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში; ბ) დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, თუ მსჯავრდებულს არასაპატიმრო სასჯელი აქვს შეფარდებული ან პრობაციის რეჟიმში იმყოფება.
მუხლი მეხუთე – ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიისადმი დაქვემდებარებული დანაშაულის ჩადენისათვის პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაწყების შემთხვევაში, ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ათვლა იწყება ბრალის წაყენების მომენტიდან.
მუხლი მეექვსე – ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე“, – ნათქვამია კანონპროექტში.
რაც შეეხება ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ კანონპროექტს, პირველი მუხლი ითვალისწინებს, ადმინისტრაციული სახდელისგან – ჯარიმისგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელსაც სახდელის აღნიშნული სახე 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩადენილი სამართალდარღვევისთვის დაეკისრა.
პროექტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სახდელის სახით შეფარდებული ჯარიმა, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებულია, პირს არ დაუბრუნდება.
„მუხლი მეორე. შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა განახორციელონ ამ კანონის აღსასრულებლად საჭირო ყველა ღონისძიება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ამ კანონის საფუძველზე შეწყვიტოს მის წარმოებაში არსებული, ამავე კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება.
მუხლი მესამე. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე“, – ნათქვამია პროექტში.