„რანინას“ მეოთხე სეზონის გამარჯვებული ნიკოლოზ ქაჯაია გახდა. პროექტში გამარჯვებით მომღერალმა საბავშვო ევროვიზიის საგზური მოიპოვა და სწორედ ის გახდა საქართველოს ხმა ყველაზე მასშტაბურ საბავშვო მუსიკალურ კონკურსზე. რიგით მე-19 საბავშვო ევროვიზია, რომელშიც 19 ქვეყანა მონაწილეობს და რომელსაც პარიზი მასპინძლობს, 19 დეკემბერს გაიმართება. ტრადიციულად პირდაპირ ტრანსლაციას საფრანგეთიდან საქართველოს პირველი არხი განახორციელებს.
უკვე მეოთხე წელია, საბავშვო ევროვიზიაზე ქართველი კონკურსანტის შერჩევა, საქართველოს პირველი არხის პროექტ „რანინას“მეშვეობით ხდება. პროფესიონალი ჟიური არჩევანს საუკეთესოთა შორის საუკეთესოზე რამდენიმე საკონკურსო ტურის შემდეგ ადგენს.
„რანინას“ მეოთხე სეზონის გამარჯვებული სამ ფინალისტს შორის გამოვლინდა, მათ შორის იყვნენ ბარბარე მახათაძე და გეგა შონია.
10 წლის ნიკოლოზ ქაჯაია ბავშვობიდან გატაცებულია მუსიკით და სიმღერით. სხვადასხვა წლებში სწავლობდა ვოკალის სასწავლებლებში, მათ შორის აღსანიშნავია „ვოკალის აკადემია“. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სატელევიზიო შოუებსა და კონცერტებში.
2020 წელს ჩაირიცხა თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის მეორე ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში, საფორტეპიანო განყოფილებაზე. მუსიკის გარდა ნიკოლოზი გატაცებულია ძერწვით და ხატვით.
საქართველო საბავშვო ევროვიზიაზე 2007 წლიდან მონაწილეობს.