„რანინას“ გამარჯვებული ნიკოლოზ ქაჯაია საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერით წარდგება - კლიპის პრემიერა [ვიდეო]
პროექტ „რანინას“ გამარჯვებული ნიკოლოზ ქაჯაია საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერით წარდგება. სპეციალურად კონკურსანტისთვის სიმღერა გიგა კუხიანიძემ დაწერა, სახელწოდებით „დავაგროვოთ ღიმილები“ (lets count the smiles).
სიმღერის პრემიერა გადაცემა „ამ შაბათ-კვირას“ შედგა. სიმღერასთან ერთად მაყურებელმა ვიდეორგოლიც იხილა, რომელზეც პირველი არხის გუნდმა იმუშავა. კლიპის რეჟისორი ზაზა ორაშვილია, მხატვარი შაკო პოპიაშვილი, ხოლო ნიკო ქაჯაიას იმიჯზე და კოსტიუმებზე იზა ნადარეიშვილმა იზრუნა. გადაცემის პარალელურად, ვიდეორგოლისა და სიმღერის პრეზენტაცია ევროვიზიის ოფიციალურ საიტზეც მოხდა.
„რანინას“ ფინალისტი და გამარჯვებული 10 წლის ნიკო ქაჯაია ბავშვობიდან გატაცებულია მუსიკით და სიმღერით. სხვადასხვა წლებში სწავლობდა ვოკალის სასწავლებლებში, მათ შორის აღსანიშნავია „ვოკალის აკადემია“. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სატელევიზიო შოუებსა და კონცერტებში.
2020 წელს ჩაირიცხა თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის მეორე ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში, საფორტეპიანო განყოფილებაზე. მუსიკის გარდა, ნიკოლოზი გატაცებულია ძერწვით და ხატვით.
გიგა კუხიანიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროვიზიის საპროდიუსერო ჯგუფთან უკვე მეცამეტე წელია, თანამშრომლობს. მის მიერ დაწერილმა სიმღერებმა საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე გამარჯვება სამჯერ მოაპოვებინა.
რიგით მე-19 საბავშვო ევროვიზია პარიზში 19 დეკემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას 19 ქვეყანა მიიღებს. ტრადიციულად, პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს.
საქართველო საბავშვო ევროვიზიაზე 2007 წლიდან მონაწილეობს.