რან გიდორი - დღეს შევიკრიბეთ, რათა დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია და თანასწორობის უფლებები, რასაც იმსახურებენ როგორც ქართველები, ისე ისრაელელები
დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია და თანასწორობის უფლებები, რასაც იმსახურებენ როგორც ქართველები, ისე ისრაელელები, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, რან გიდორმა „თბილისი პრაიდის“ კვირეულის პირველი ღონისძიების შემდეგ განაცხადა.
„იმედი მაქვს, რომ ასეთი ღონისძიებები უფრო და უფრო ნორმალური და მისაღები გახდება. სწორედ ამას ვუჭერთ მხარს. რაც გარეთ მოხდა, ძალიან სამწუხარო ამბავია, თუმცა ეს მოულოდნელი არ ყოფილა.
სამწუხაროდ, ყველა ქვეყანაში, მათ შორის ისრაელშიც, სადაც პრაიდი რუტინული მოვლენაა, არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ იდეას. იმედი მაქვს, რაც გარეთ ვნახეთ, იქნება მარგინალიზებული და ნაკლებად ძალადობრივი“,- განაცხადა საქართველოში ისრაელის ელჩმა.
„თბილისი პრაიდის“ კვირეული დღეს დაიწყო. პირველ ღონისძიებად ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ტერიტორიასთან, სადაც ფილმის ჩვენება მიმდინარეობდა, პრაიდის მოწინააღმდეგეები იყვნენ შეკრებილი. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცველებსა და პრაიდის მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.