რამზან კადიროვმა ძალოვნებს მიმართა, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში „სამი გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ არეულობის მონაწილეებს ტყვია შუბლში ესროლონ“
ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა ძალოვნებს მიმართა, არეულობის მონაწილეებს დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სამი გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ ტყვია შუბლში ესროლონ. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობის თათბირზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და როსგვარდიის წარმომადგენლებს განუცხადა.
„ჩვენთან თუ ერთი ადამიანი მაინც გავა არასანქცირებულ არეულობებზე, დააპატიმრეთ ის ან ჰაერში სამი გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეთ. ამის შემდეგ, თუ ადამიანი კანონის მოთხოვნას არ ასრულებს, მეოთხედ შუბლში ესროლეთ. მეტს აღარ გამოვლენ. ეს ჩემი ბრძანებაა“, – განაცხადა კადიროვმა.
ეს განცხადება ჩეჩნეთის ლიდერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც კვირას მაჰაჩყალაში თელ ავივიდან რეგულარული რეისის ჩასვლასთან დაკავშირებით ასობით ადამიანი აეროპორტის ტერიტორიაზე შეიჭრა. არეულობისას 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, დააკავეს 83 ადამიანი. აღძრულია საქმე მასობრივი არეულობების მუხლით. მანამდე კადიროვმა განაცხადა, რომ მსგავსი პროვოკაცია ჩეჩნეთში აღკვეთეს.