ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი აშშ-ის „შავ სიაში“ მოხვდა. კერძოდ, კადიროვი „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანეს, ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. აშშ-ის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ კადიროვი „ადამიანებთან სასამართლოს გვერდის ავლით ანგარიშსწორებაში, წამებასა და ადამიანის უფლებების სხვა უხეშ დარღვევებშია ეჭვმიტანილი.
გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ იმ პირთა სიას, ვისაც აშშ-ში ჩასვლა აეკრძალება და ფინანსური ანგარიშები გაეყინება, ასევე დაემატება აიობა კატაევი, იულია მაიროვა, ანდრეი პავლოვი და ალექსეი შეშანი. ამ მოქალაქეთა თანამდებობები ნუსხაში მოყვანილი არ არის.
ე.წ. მაგნიტსკის კანონი აშშ-მა 2012 წელს მიიღო. ის ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც აშშ-ის ხელისუფლების აზრით, რუსეთში ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტებთან არის დაკავშირებული. ბოლოს აშშ-მა „მაგნიტსკის სია“ შარშან იანვარში განაახლა.
სერგეი მაგნიტსკი, რომლის სახელსაც ატარებს კანონი, საინვესტიციო ფონდ „Hermitage”-ის იურისტი გახლდათ, რომელიც 2009 წელს რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაიცვალა. ის რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების კორუფციულ გარიგებებს იძიებდა. მის სიკვდილში რუს მაღალჩინოსნებს ადანაშაულებენ.