რამზან კადიროვი აცხადებს, რომ თანამდებობაზე ძალიან დიდხანს იმყოფება და დაიმსახურა უვადო, ხანგრძლივი შვებულება
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ თანამდებობაზე ძალიან დიდხანს იმყოფება და დაიმსახურა უვადო, ხანგრძლივი შვებულება.
რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ კადიროვმა „ტელეგრამ“ არხში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„მეგობრებო, დღეს გავიგე, რომ თურმე მე ვარ „დღეგრძელი“ რუსეთის ფედერაციის სუბიექტების მოქმედ ხელმძღვანელებს შორის. მე თვითონაც შევამჩნიე, რომ ძალიან დიდ ხანს შემოვრჩი. მიმაჩნია, რომ სავსებით დავიმსახურე უვადო და ხანგრძლივი შვებულება. ვიმედოვნებ, რომ მხარს დამიჭერთ და გამიგებთ“, – აღნიშნა კადიროვმა.
მისი თქმით, ის უკვე 15 წელია, ჩეჩნეთის რესპუბლიკის სათავეშია.
„ჩვენ კავკასიელებს გვაქვს გამოთქმა: როგორი პატივსაცემი და სასურველიც არ უნდა იყოს სტუმარი, თუ ის დროულად მიდის, ის ასევე სასიამოვნოცაა. ამიტომ ვფიქრობ, ჩემი დროც დადგა. ვიდრე არ გამაგდეს. როგორც აღმოჩნდა, მე უკვე მოხუცი ვარ, ოდესღაც კი ახალგაზრდა და გამოუცდელი ვიყავი. ჩვენ ამაზე ფიქრი უკვე დავიწყეთ და ვეცდებით, დროულად წავიდეთ“, – ამბობს კადიროვი ვიდეომიმართვაში.
რამზან კადიროვი ჩეჩნეთს 2007 წლიდან მართავს.