რამილია ალიევა - პოლიტიკური პარტიები არ ქმნიან საფუძველს, ახალგაზრდებს პოლიტიკური ინტერესი ჰქონდეთ
ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში, გაგიკვირდებათ და, სრულიად სხვა სურათია, რადგან ახალგაზრდები პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად არიან ჩართული და არჩევნებში აქტიურად მონაწილეობენ, რაც კარგია, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ ხელმძღვანელმა, რამილია ალიევამ პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“.
„ამას ის განაპირობებს, რომ მათ მეტი თავისუფლება იგრძნეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ორ რეგიონში, წინა წლებში, აზრის და საკუთარი ნების გამოხატვა ისეთი თავისუფალი არ იყო, როგორც მაგალითად, ბოლო წლებში. აქედან გამომდინარე, ადვილად შეგიძლიათ, დაინახოთ მათი აქტიურობა თუნდაც, სოციალურ ქსელებში და თუნდაც, თვითმმართველობის არჩევნების დროს“, – განაცხადა რამილია ალიევამ.
მისი თქმით, ძალიან კარგია ის, რომ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები პოლიტიკურ პროცესებში ერთვებიან, რადგან ისინი ერთვებიან პროცესში, რომელიც შემდეგში, სახელმწიფოს მომავალს ქმნის.
როგორც პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ ხელმძღვანელმა აღნიშნა, არასწორია 18, 19 და 20 წლის ადამიანებისთვის იმის მოთხოვნა, რომ პოლიტიკურ პროცესებში უნდა იყვნენ ჩართული, რადგან ეს ახალგაზრდები დღეს იმ ეპოქაში ცხოვრობენ, სადაც ინფორმაციის მიღება უსასრულოა და ისინი ზუსტად ისეთივე ახალგაზრდები ვერ იქნებიან, როგორიც მაგალითად, ჩვენი მშობლები, 90-იანი წლების, ან, თუნდაც, 2000-იანი წლების ახალგაზრდები იყვნენ.
მისივე თქმით, ახალგაზრდები ხედავენ, რომ პროცესები რამდენიმე ადამიანის გარშემო მიმდინარეობს, რადგან პოლიტიკური პარტიები ხშირად, ერთი ადამიანის გარშემო იქმნება და ახალგაზრდები იქ თავიანთ ადგილს ვერ ხედავენ, რადგან მაგალითებს ვერ ხედავენ.
„ლიდერებს უნდა ახსოვდეთ, რომ პოლიტიკური პარტია მათთვის არ არის შექმნილი. ისინი მარტო იმაზე არ უნდა ფიქრობდნენ, რომ ამ პარტიაში 10, 15 და 20 წელი თვითონ იქნებიან. პარტიის განვითარებისთვის აუცილებელია ახალი სისხლი, ახალი იდეები და ახალგაზრდობის ჩართულობა“, – განაცხადა ალიევამ.
რამილია ალიევამ ასევე განაცხადა, რომ ახალგაზრდები ძალიან აქტიურად არიან ჩართული პროექტებში, ტრენინგებში, კონფერენციებში, გადიან ქვეყნის გარეთ და საკმაოდ ბევრ საქმეს აკეთებენ, მაგრამ როცა ისინი ასეთი აქტიური არიან სამეცნიერო დონეზე, არასამთავრობო სექტორში და სხვა, ისმის კითხვა, რატომ არ არიან აქტიურები პოლიტიკურ არენაზე.
„ესე იგი, მათ პოლიტიკური ინტერესი არ აქვთ. რატომ? იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტიები იმის საფუძველს არ ქმნიან, ახალგაზრდებს პოლიტიკური ინტერესი ჰქონდეთ“, – განაცხადა რამილია ალიევამ.