საქართველოში თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევისთვის დღეიდან ფულადი ჯარიმები ამოქმედდება.
საკანონმდებლო ორგანომ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი გასული წლის მაისში დაამტკიცა. ახალი საკანონმდებლო რეგულაციების ნაწილი დღეიდან ამოქმედდება, ნაწილი კი, 2020 წლიდან.
კანონმდებლობით, მეტროპოლიტენის სადგურის ვესტიბიულის, გადასასვლელის, ბაქანის, ვაგონის სალონის, ესკალატორის ან ლიანდაგის დანაგვიანება-გაჭუჭყიანება, ასევე ამ ადგილებში თამბაქოს მოწევა, მატარებლის მოსაბრუნებელ ჩიხებში შეყოლა ან მეტროპოლიტენით სარგებლობის წესების სხვა დარღვევა, 20 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.
შენობა-ნაგებობაში ან მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, სადაც პირი საქმიანობს და სადაც მოწევა აკრძალულია, თამბაქოს მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებითი ქმედება 1 000 ლარის ოდენობით.
თუ პირი თამბაქოს მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში მოწევს, რომელიც საერთო ქონებას წარმოადგენს, მას 50 ლარით დააჯარიმებენ, წესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში კი – 100 ლარით.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლის მიერ შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაში მოწევის აკრძალვის წესების შეუსრულებლობა – 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს, განმეორებითი ქმედება კი – 1 000 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, კანონმდებლობით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ჯარიმები თამბაქოს შეფუთვის, რეალიზაციისა და რეკლამის წესების დარღვევაზე. კერძოდ, კანონით, თამბაქოს ნაწარმის, აქსესუარის ან/და მისი მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია დაწესებულებასა და სავაჭრო ობიექტის სექციაში, სადაც კანონით აკრძალულია მსგავსი ნაწარმის რეალიზაცია, დაჯარიმდება 200 ლარით, განმეორებით ჩადენილი ქმედება კი – 400 ლარით.
თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და მისი მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის განლაგების წესების დარღვევაზე გათვალისწინებულია 150 ლარიანი ჯარიმა, განმეორებით ქმედებისას კი, 300 ლარიანი.
ერთეული ღერებით თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციაზე 150 ლარის ჯარიმა დაწესდა, განმეორებითი ქმედებისთვის კი – 300 ლარის.
თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და მისი მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია 18 წლამდე პირზე, 150 ლარით დაჯამდება, განმეორებითი ქმედება 300 ლარით. თამბაქოს ნაწარმის, აქსესუარის ან/და მისი მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია (საცალო ვაჭრობა) ინტერნეტით ან ფოსტით კი, 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. განმეორებითი ქმედება – 4 000 ლარით.
ასევე თამბაქოს ნაწარმის, აქსესუარის ან/და მისი მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით; განმეორებითი ქმედებისთვის კი – 4 000 ლარის ჯარიმა.
თამბაქოს ნაწარმის, აქსესუარის ან/და მისი მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლზე, თაროზე ან ნებისმიერი სხვა სახით იმგვარად, რომ ხილვადია ობიექტის გარედან, გამოიწვევს დაჯარიმებას – 2 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება – 4 000 ლარის ოდენობით.
ამასთან, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის გარეშე რეალიზაცია 150 ლარით დაჯარიმდება; განმეორებითი ქმედება 300 ლარით; თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია შეფუთვით, რომელიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს – 5 000 ლარით და შესაბამისი თამბაქოს ნაწარმის კონფისკაციით. თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილებების როტაციის წესის დარღვევა 5 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.
საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების რეალიზაციაზე, რომელთა მიერ გამოფრქვეული ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები ნორმები, გაზომვისა და რეგულირების წესები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, დაწესებულია 5 000 ლარიანი ჯარიმა, შესაბამისი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების კონფისკაციით.
ამასთან, კანონით, ტელემარკეტინგი, მომხმარებელთა კვლევა, რომელიც ახდენს ან შეიძლება მოახდინოს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაცია, 5 000 ლარით დაჯარიმდება; განმეორებითი ქმედება 10 000 ლარით.
18 წლამდე პირის ჩამბა თამბაქოს ინდუსტრიაში, გამოიწვევს დაჯარიმებას – 5 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება – 10 000 ლარის ოდენობით ჯარიმას.
ზემოაღნიშნულის გარდა, კანონმდებლობით, სიგარაბარის მოწყობის ნებართვის მქონე მფლობელი, სიგარაბარის მოწყობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის 500 ლარით დაჯარიმდება.