რამდენიმე სპორტული ფედერაცია პრემიერ-მინისტრს მიმართავს, სპორტის სფერო კულტურის სამინისტროს გამოეყოს #1TVSPORT
რამდენიმე სპორტული ფედერაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს, რომ სპორტის სფერო კულტურის სამინისტროს გამოეყოს. ნიჩბოსნობის, ფარიკაობის, პარალიმპური სახეობებისა და კრივის სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებმა დღეს ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
ფედერაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ 2017 წელს, სპორტის სამინისტროს გაუქმების შემდეგ, დარგი კომუნიკაციისა და სტრუქტურული გამოწვევების წინაშე დგას და მართვის გონივრული სისტემის ჩამოყალიბება სჭირდება.
მათივე თქმით, სპორტის ცალკე სტრუქტურულ ერთეულად გამოყოფის მოთხოვნასთან დაკავშირებით ორ კვირაში პეტიცია მომზადდება.
როგორც საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი დოლაბერიძემ განაცხადა, რეფორმებისა და რეორგანიზაციის მიზეზით, მოხდა ფედერაციების სხვადასხვა სამინისტროსთან და უწყებასთან მიერთება, რაც შეცდომა იყო.
„ამ ყველაფერმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ მსგავსი ექსპერიმენტები სპორტზე ვერ მოქმედებს დადებითად, არც ეკონომიკური ეფექტი იყო ამისი და არც დარგობრივი. ჩვენ რომელიმე დარგის სამინისტროს თუ მისი რომელიმე ხელმძღვანელის პრობლემა არ გაქვს. ამ ქვეყანაში ქართული სპორტული ტრადიციებიდან გამომდინარე, ეს დარგი იმსახურებს, იყოს დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად და ჰქონდეს შესაბამისი ყურადღებაც, დაფასებაც და ის ადგილი, რასაც სპორტი იმსახურებს. ეს არის ჩვენი გულწრფელი მოთხოვნა და იმედი გვაქვს, შესაბამისი უწყებები მიიღებენ ისე, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყოს საკითხის განხილვა“, – განაცხადა დოლაბერიძემ.
ამასთან, როგორც კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით წიკლაურმა განაცხადა, არსებობს სამინისტროთან კომუნიკაციის პრობლემა.
„შეიძლება, მინისტრს არ ესმოდეს და პირდაპირ არ იყოს ჩართული სპორტულ ფედერაციებში, თუმცა ვფიქრობთ, სპორტს ვინც კურირებს, აუცილებლად უნდა ესმოდეს, იცოდეს და იყოს საქმის კურსში, რა სჭირდებათ ფედერაციებს. ვფიქრობ, იყო კომუნიკაციისა და იყო არასწორად მიტანილი ინფორმაციის პრობლემა. ჩემი და მინისტრის დამოკიდებულება დავტოვოთ ღიად. არ ვისაუბრებ ამაზე, მე ვფიქრობ, ესეც დალაგებადია და დალაგდება. დღევანდელი მდგომარეობით, ის, რაც სჭირდებათ სპორტულ ფედერაციას, ნაკრებებს და სპორტსმენებს, ფაქტობრივად აღდგენილია 100 პროცენტით. ოლიმპიური კომიტეტი არის შუამავალი ჩვენსა და სამინისტროს შორის, საიდანაც ხდება უკვე დაფინანსება, დაფინანსდა ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრები და ასევე გოგონების გუნდი“, – განაცხადა წიკლაურმა.