რამდენიმე რუსულ ავიაკომპანიას ჩეხეთის მიმართულებით რეისების შესრულება აეკრძალა
ჩეხეთის ავიაციის სააგენტოს გადაწყვეტილებით, რამდენიმე რუსულ ავიაკომპანიას ჩეხეთის მიმართულებით რეისების შესრულება აეკრძალა. ავიაკომპანიებს შორისაა რუსეთის უმსვხილესი ავიაკომპანია „აეროფლოტი“.
შესაბამისად, 2 ივლისს დაგეგმილი მოსკოვი-პრაღა-მოსკოვის რეისი გაუქმებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიუხედავად, „აეროფლოტი“ პრაღის მიმართულებით ორ რეისს მაინც შეასრულებს, რომლითაც გადადებული რეისის მგზავრებს შეეძლებათ, ისარგებლონ.
რუსული მედიის ინფორმაციით, ჩეხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, აიკრძალება „აეროფლოტის“ შვილობილი კომპანია „პობედას“ რეისები კარლოვი-მოსკოვის მიმართულებით. შეზღუდვა დაუწესდა ურალის ავიახაზებსაც.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩეხეთის მთავრობა ჩეხური ავიაკომპანიებისთვის ციმბირის გავლით საერთაშორისო ფრენების მარშრუტის პირობებითაა უკმაყოფილო. კონკრეტულად, ჩეხეთს პრაღა-სეულის მიმართულებით რეისების განხორციელება სურდა, თუმცა რუსეთთან ამ საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწია.