აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე კოლეგებთან ერთად განცხადებას ავრცელებს - „რაინეარის“ თვითმფრინავის დასაკავებლად მოიერიშე თვითმფრინავის გამოყენება მეკობრეობაა
ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბობ მენდესი, ჩეხ, ლატვიელ, ლიეტუველ, გერმანელ, ირლანდიელ პოლონელ და ბრიტანელ კოლეგებთან ერთად ბელარუსი ჟურნალისტის საქმეს ეხმაურება.
„ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ ბელარუსის საჰაერო სივრცეში სამოქალაქო თვითმფრინავის მიმართ გამოყენებული ძალადობის საფრთხეს. ნატო-სა და ევროკავშირის ორ ქვეყანას შორის მოძრავი „რაინეარის“ სამოქალაქო თვითმფრინავის დასაკავებლად მოიერიშე თვითმფრინავის გამოყენება მეკობრეობაა. მოვუწოდებთ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას, დაუყონებლივ ჩაატაროს გამოძიება ქვეყნებს შორის თავისუფალი ტრანზიტის აშკარა დარღვევისა და თვითმფრინავისთვის საფრთხის შემქნის ფაქტზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიების დასრულებამდე ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლა უნდა აიკრძალოს, რადგან მინსკის ამჟამინდელი ადმინისტრაცია პატივს არ სცემს მოქალაქეების უსაფრთხოებას.
კანონმდებლები ნატო-სა და ევროკავშირის ქვეყნებს ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.
„მოვუწოდებთ ნატო-სა და ევროკავშირის ქვეყნებს, დაუწესონ სანქციები ლუკაშენკოს რეჟიმს და შეზღუდონ მათი შესაძლებლობა, ინტერპოლი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ევროპაში დემოკრატიაზე შემდგომი თავდასხმისთვის გამოიყენონ. მოვითხოვთ თავისუფალი არჩევნების ჩატარებას ევროპის უსაფრთოებისა და თანამშრომლოის ორგანიზაციის მეთვალყურეობის ქვეშ“, – ნათქვამია განცხადებაში.
მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი 23 მაისს დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. პროტასევიჩი ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავით ათენიდან ვილნიუსში მიემგზავრებოდა, თუმცა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მინსკის აეროპორტში, სადაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს.
თავად რომან პროტასევიჩი რეისის დაწყებამდე იუწყებოდა, რომ აეროპორტში მას უთვალთვალებდნენ და მისი პასპორტისა და დოკუმენტებისთვის ფოტოების გადაღებას ცდილობდნენ. რომან პროტასევიჩს ბელარუსში 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.