რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შესვლას ითხოვს
რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი – ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, ანი წითლიძე და პაატა მანჯგალაძე – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შესვლას ითხოვს, სადაც „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობენ.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ლევან იოსელიანს თხოვნით მიმართეს, რომ მათი საკითხი სხდომაზე გაახმოვანოს.
როგორც ლევან იოსელიანმა განაცხადა, კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს დეპუტატების სხდომაზე დასწრებასთან დაკავშირებით დაელაპარაკება.
ლევან იოსელიანის თქმით, მათი კომიტეტზე დაშვების საკითხს დააყენებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, დღევანდელ განხილვას ესწრებოდეს ოპოზიცია და საშუალება ჰქონდეთ, საკუთარი პოზიციები ამ ფორმატში დააფიქსირონ. ამასთან, იოსელიანმა განაცხადა, რომ ცვლილებებთან მიმართებაში მისი პოზიცია არის ნეგატიური. მისი თქმით, არ შეიძლება, პარლამენტმა ეს კანონპროექტი მიიღოს, რადგან ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.
ამასთან, რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში მივიდა ხატია დეკანოიძეც, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოში არ იმყოფებოდა და სხდომაზე დასასწრებად აეროპორტიდან მივიდა. მას დაცვის წარმომადგენლებმა სხდომაზე შესვლის საშუალება მისცეს.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, ადგილიდან შეძახილების გამო მანდატურის სამსახურს დეპუტატების დარბაზიდან გაყვანის შესახებ მოუწოდა.