რამდენიმე ევროპარლამენტარის მიერ მომზადებულ შესწორებაში გამოთქმულია „სინანული გვარამიას განაჩენის, კეზერაშვილისა და ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებლების დევნის გამო“
ევროპარლამენტის რეზოლუციაში რამდენიმე ევროპარლამენტარმა მედიასთან დაკავშირებით შესწორებები მოამზადა.
ევროპარლამენტარების მარიამ ლექსმანის, ვლადიმირ ბილჩიკის, მიხაელ გალერის, დევიდ ლეგას, რასა იუნკევიჩიენეს მიერ ინიცირებულ შესწორებაში ნათქვამია: „რამდენადაც საქართველოში მედიაგარემო აგრძელებს გაუარესებას და ბოლო წლებში, უპრეცედენტოდ მაღალია ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი ფიზიკური თავდასხმების რაოდენობის მაჩვენებელი საქართველოში; მაშინ, როცა 2022 წელს საქართველო მსოფლიოში პრესის თავისუფლების ინდექსის რეიტინგში 60-დან 89-ე ადგილზე დაეცა, არსებული 180-დან“.
ასევე შესწორებაში, რომლის ავტორები არიან მირიამ ლექსმანი, ვლადიმირ ბილჩიკი, მიხაელ გალერი, რასა იუნკევიჩიენე, ანდრიუს კუბილიუსი, აღნიშნულია: „მაშინ, როდესაც ნიკა გვარამიას, ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორს მიესაჯა სამწელიწად-ნახევარიანი პატიმრობა ფულის გათეთრების, მოსყიდვისა და დოკუმენტების გაყალბების საეჭვო ბრალდებით“.
შესწორებაში, რომლის ავტორები არიან ევროპარლამენტარები ანა ფოტიგა, იაცეკ სარიუშ-ვოლსკი, ასიტა კანკო ნათქვამია: „მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, დაიცვან პლურალისტური და მრავალფეროვანი მედიალანდშაფტი საქართველოში, რომელიც ეფუძნება მყარ საკანონმდებლო ბაზას და უნდა უზრუნველყოფდეს გამოხატვის თავისუფლების, მედიის უფლებების მყარ საფუძველს, თუმცა მმართველი პარტიის მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფება;
ამასთან დაკავშირებით გვახსენებს მოქმედი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისა და „მთავარის“ ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეს და იმეორებს მოწოდებას მის გასათავისუფლებლად. აღნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მედიის ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ და მიესალმება კომუნიკაციების კომისიის ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს, უზრუნველყოს საზოგადოებისთვის დეტალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მაუწყებლების დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით“.
შესწორებაში, რომლის ავტორები არიან ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიენე ვკითხულობთ: „სინანულს გამოთქვამს კრიტიკული მედიის „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკას გვარამიას განაჩენის გამო, სხვა კრიტიკული მედიასაშუალებების დამფუძნებლებისა და დირექტორების, კერძოდ, დავით კეზერაშვილისა და ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებლებისა და დირექტორების დევნის, ასევე კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ცილისწამებისთვის სასამართლოში ჩივილის პრაქტიკის გამო, როგორც დამოუკიდებელ მედიაზე პოლიტიკური ზეწოლა; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება“.
პეტრას აუსტრევიჩიუსის, ნატალი ლუაზოს, ურმას პაეტის, რამონა სტრუგარიუ, კლემენ გრშელი, ხავიერ ნარტის შესწორებაში ნათქვამია: „კიდევ ერთხელ იმეორებს შეშფოთებას საქართველოში მედიის მდგომარეობისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების სერიოზული გაუარესების გამო;
მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მედიის თავისუფლება და უსაფრთხო სამუშაო გარემო მედიის მუშაკებისთვის. შეწყვიტოს კრიტიკული მედიასაშუალებებისა და მათი მფლობელების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და იმეორებს თავის მოწოდებას ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვის შესახებ“.