რამდენიმე ევროპარლამენტარმა მოამზადა რეზოლუციაში შესწორება, რომ სააკაშვილი ჰუმანიტარულ საფუძველზე გათავისუფლდეს, მისი გათავისუფლება დასახელებულია კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობადაც
ევროპარლამენტის რეზოლუციაში რამდენიმე ევროპარლამენტარმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შესწორებები მოამზადა.
შესწორებაში, რომელიც ინიცირებულია ევროპარლამენტარ იაცეკ სარიუს-ვოლსკის მიერ, ვკითხულობთ: „მაშინ, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის ჯანმრთელობა მუდმივად უარესდება, ჯერ კიდევ განიცდის სათანადო მკურნალობის დანაკლისს, რაც იწვევს საფრთხეს მისი სიცოცხლისთვის“.
ევროპარლამენტარების, მირიამ ლექსმანის, ვლადიმირ ბილიჩიკის, მიხაელ გალერის, რადოსლავ სიკორსკის, რასა იუკნევიჩიანეს და ანდრიუს კუბილიუსის მიერ ინიცირებულ შესწორებაში ნათქვამია, რომ „მაშინ, როდესაც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად უარესდება, ის რჩება პატიმრობაში.“
ამასთან, რეზოლუციაში შესწორება, რომლის ავტორია ევროპარლამენატარი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი, შეიცავს ევროკომისიისადმი მოწოდებას, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მიიღოს წინაპირობად საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. ამავდროულად, შესწორებაში, რომლის ავტორები არიან ევროპარლამენტარები, იაცეკ სარიუშ-ვოლსკი, პეტრას აუსტრევიჩიუსი, ნატალი ლუაზო, ურმას პაეტი, რამონა სტრუგარიუ, ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიანე, მირიამ ლექსმანი, ვლადიმირ ბილჩიკი, მიხაელ გალერი, რადოსლავ სიკორსკი, აღნიშნულია: „მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ჰუმანიტარულ საფუძველზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ, რათა მას მიეცეს საზღვარგარეთ სათანადო სამედიცინო მკურნალობის საშუალება“.
ამავდროულად, სვენ მიქსერმა და ნაჩო სანჩეს ამორმა მოამზადეს რეზოლუციაში შესწორება, სადაც წერია: „მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მსჯავრდებულ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მისცეს უფლება, ჰუმანიტარულ საფუძველზე და პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად, სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ მიიღოს“.
შესწორებაში, რომლის ავტორებიც არიან ურმას პაეტი, პეტრას აუსტრევიჩიუსი, რამონა სტრუგარიუ, კლემენ გროშელი, ხავიერ ნარტი, ვკითხულობთ: „მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ჰუმანიტარულ საფუძვლებზე გაათავისუფლოს ციხიდან მიხეილ სააკაშვილი, ვისი ჯანმრთელობაც მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაც ის დევნილობიდან დაბრუნების შემდეგ, 2021 წლის ოქტომბერში დააკავეს“.
შესწორებაში, რომლის ავტორები არიან ანა ფოტიგა, ევროპელი კონსერვატორ რეფორმისტების სახელით, იაცეკ სარიუშ-ვოლსკი და ასიტა კანკო, კვლავაც გამოხატულია შეშფოთება პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. შესწორებაში აღნიშნულია: „სთხოვს ევროკავშირის ლიდერებს და ქვეყანას, რომელიც დღეს წარმოადგენს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეს, ასევე ვინც იქნება შემდეგი თავმჯდომარე, მოახდინოს გავლენა „ქართული ოცნების“ ლიდერებზე, რათა სრული პატივისცემით მოეპყრან სააკაშვილის უფლებებს და ღირსებას, შეახსენოს, რომ საქართველოს მთავრობა არის სრულად პასუხისმგებელი სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. სთავაზობს საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს კონსტიტუციური პრეროგატივა, რათა გადაჭრას ეს საკითხი. წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობა უარს ეუბნება ევროკავშირის პოლიტიკოსებს, მოინახულონ დაკავებული ცნობილი საჯარო ფიგურები“.