რამდენიმე დღეში, დედამიწის ორბიტაზე ორი თანამგზავრი შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახოს
რამდენიმე დღეში, დედამიწის ორბიტაზე ორი თანამგზავრი შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახოს

ჩვენს თავზე, დედამიწის ქვედა ორბიტაზე ძალიან ბევრი ნაგავი დაჰქრის. საქმე ეხება ათასობით ძველ, მკვდარ თანამგზავრს, რომლებსაც დედამიწასთან კომუნიკაცია აღარ შეუძლიათ. მათი სიმრავლიდან გამომდინარე, ნამდვილად საოცარია, როგორი იშვიათად ეჯახებიან ისინი ერთმანეთს; თუმცა, ერთ-ერთი ასეთი შეჯახება შეიძლება ამ კვირაში მოხდეს.

კოსმოსური ნარჩენების მონიტორინგის სერვისისების, LeoLabs-ის მონაცემებით, ერთმანეთთან შეჯახების კურსს ადგას ორი თანამგზავრი — IRAS-ი, რომელიც ორბიტაზე 1983 წელს გაუშვეს და უკვე დიდი ხანია, რაც ჩამოწერილია და GGSE-4, 1967 წელს გაშვებული და ამჟამად ჩამოწერილი სამეცნიერო ტვირთი.

LeoLabs-ის მონაცემების მიხედვით, 30 იანვარს, თბილისის დროით 03:39 საათზე, დედამიწის ზედაპირიდან 900 კმ სიმაღლეზე, ორი თანამგზავრი ერთმანეთს 15-30 მეტრში გაუვლის. იმის გამო, რომ ორივე მათგანი მკვდარია, შეუძლებელია მათთან კომუნიკაციის დამყარება და კურსის შეცვლა.

LeoLabs-ის გაანგარიშების მიხედვით, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათი შეჯახების შანსი ასში ერთია. შეჯახების შემთხვევაში, წარმოიქმნება დიდი ოდენობით ნარჩენი.

მსუბუქი არც ერთი თანამგზავრი არ არის. IRAS-ის მასა 1083 კილოგრამია, ზომა კი 3,6X3,24X2,05 მეტრი. Რაც შეეხება GGSE-4-ს, ის მხოლოდ 4,5 კილოგრამია, მაგრამ მიმაგრებულია სხვა თანამგზავრზე, ასევე ჩამოწერილ სამხედრო თანამგზავრ Poppy 5-ზე, რომელიც 85 კილოგრამს იწონის.

მათი ფარდობითი სიჩქარე 14,7 კმ/წმ-ია. კოსმოსურ არქეოლოგ ელაის გორმანის განცხადებით, შეჯახების შემთხვევაში, პატარა თანამგზავრი მთლიანად განადგურდება და წარმოქმნის ახალ ნარჩენებს. დიდი თანამგზავრი მეტწილად ხელუხლებელი დარჩება, მაგრამ გარკვეულ დაზიანებას ისიც მიიღებს.

შეჯახება არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს დედამიწისთვის. წარმოქმნილი ნარჩენები ატმოსფეროში შემოსვლისას დაიწვება და პლანეტის ზედაპირამდე ვერც კი მოაღწევს.

თუმცა, არსებობს საფრთხე სხვა თანამგზავრთათვის. როგორც გორმანი განმარტავს, ისინი წარმოუდგენელი სისწრაფით შეეჯახებიან; ამ დროს პატარა თანამგზავრი მთლიანად დაიშლება პატარა ფრაგმენტებად, რომლებიც ცალკეული კოსმოსური ნარჩენად გადაიქცევიან. შესაბამისად, გაიზრდება კოსმოსურ ნარჩენთა რაოდენობა, რაც კიდევ უფრო ზრდის მათი შეჯახების შანსს რომელიმე მოქმედ თანამგზავრთან.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შეჯახება შეიძლება, საერთოდაც არ მოხდეს. თუმცა, რაც უფრო მეტი თანამგზავრი ასრულებს სიცოცხლეს და ჩამოწერილი ხდება, შეჯახებების პრობლემაც სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.