რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრას მართავენ
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ჯანდაცვის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველ ქეთევან თათოშვილს ხვდებინ.
როგორც მათ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიაწოდებენ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
„ჩვენ, სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტები მივდივართ დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, რათა მათ გავაცნოთ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ზუსტი მდგომარეობა, ვისაუბროთ იმ დიაგნოზებზე, გართულებებზე, რაც შეიძლება, ამას მოჰყვეს. დრო არის ძალიან ცოტა. მერე რომ არ ჰქონდეს ვინმეს სათქმელი, რომ არ იყო საქმის კურსში, არ იცოდა დაწვრილებით ეს მდგომარეობა და ამიტომ დააგვიანა გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ გვინდა, წინასწარ ყველა ჩავაყენოთ საქმის კურსში, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამის შემდეგ, ვფიქრობ, მათ გაუადვილდებათ გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ ვიცით, ექიმები ვართ, თანაც, ამდენი წელი ვმუშაობთ, არც ახალგაზრდა ექიმები ვართ, დიდი გამოცდილება გვაქვს და ზუსტად ვიცით, ლეტალური გამოსავალი როგორ მალე დადგება, თუ არ მოხდა გადაყვანა“, – განაცხადა ექიმმა მანანა ჯებაშვილმა.
მანანა ჯებაშვილის თქმით, ისეთი სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს კომპლექსურად უმკურნალებს, საქართველოში უბრალოდ არ არის.
ჯებაშვილის განმარტებით, მათი მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ კლინიკაში გადაყვანა.
„არ არის ფიზიკურად კომპლექსური სარეაბილიტაციო ცენტრი, არ არსებობს. ამდენად, აუცილებლად უნდა იყოს გადაყვანოლი უცხოეთში. უბრალოდ, ეს მას სჭირდება, ეს არ არის მისი კაპრიზი, ესაა აუცილებელი, რათა გადარჩეს მისი სიცოცხლე. არ გვინდა პრეზიდენტის სიკვდილი და იმიჯის შელახვა იმით, რომ პრეზიდენტს ვკლავთ. მინდა, მქონდეს პოზიტიური მოლოდინები. ჩვენ 9 მარტსაც ვიყავით ადმინისტრაციაში და შევხვდით მის მრჩეველს (ჯანდაცვის საკითხებში) ქეთევან თათოშვილს. ესაა მეორე შეხვედრა. ანუ, კრიტიკულია მდგომარეობა და გადავწყვიტეთ, მეორეჯერაც შევხვდეთ, კიდევ ერთხელ ავუხსნათ. ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. გუშინ ვიყავით ამერიკის საელჩოსთან, დღეს სამ საათზე მივდივართ ევროკავშირის წარმომადგენლებთან და მივდივართ კიდევ სხვა დასავლეთის საელჩოებში. წერილები გაგზავნილი გვაქვს ყველგან, მთელ საერთაშორისო თანამეგობრობაში, იქნება ეს საელჩოები, ევროკავშირი, კონგრესი, სენატი, ადამიანის უფლებათა დაცვის ირგანიზაცია, ყველგან გაგზავნილი გვაქვს, რადგან კრიტიკულია მისი მდგომარეობა“, – განაცხადა მანანა ჯებაშვილმა.