რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ ადეკვატურად უპასუხოს საზოგადოებაში არსებულ კითხვებს და შექმნას პოლიტიკური დიალოგის მექანიზმი, საქართველოს მოქალაქეებს უწევთ პოლიციის პირისპირ დგომა, სიტუაცია კი უფრო და უფრო რთულად სამართავი ხდება.
საია განმარტავს, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენებას წინ უნდა უსწრებდეს შესაბამისი გაფრთხილება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგი, ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელი ან შეუძლებელია.
„პოლიცია უნდა შეეცადოს, მიყენებული ზიანი იყოს მინიმალური და თანაზომიერი; გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით, წყლის ჭავლის გამოყენება აქციის მონაწილეების მიმართ გაუმართლებელია.
საია მიიჩნევს, რომ მოქალაქეებს უნდა მიეცეთ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა. ღრმად გვწამს, რომ პოლიტიკური კრიზისები ძალის გამოყენებით არ უნდა წყდებოდეს, არამედ კონსენსუსით და შეთანხმებით. კრიზისების მართვა, რთულ ვითარებაში გამოსავლის ძიება და საზოგადოებაზე ზრუნვა პოლიტიკოსების მთავარი დანიშნულებაა, ხელისუფლებას კი ამ პროცესში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება“, – ნათქვამია განცხადებაში.
განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება „სამართლიანი არჩევნებიც“. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ აქციის დაშლის მცდელობისას პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა გადამეტებული ძალის გამოყენებას.
„სამართლიანი არჩევნები’“ გამოხატავს უკიდურეს აღშფოთებას 8 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს სახელმწიფოს მხრიდან აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით.
მიგვაჩნია, რომ აქციის დაშლის მცდელობისას პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა გადამეტებული ძალის გამოყენებას. სრულიად უსაფუძვლოდ იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი. გავრცელდა ასევე ინფორმაცია ცრემლსადენი გაზის გამოყენების შესახებ, რაც უარყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. საგულისხმოა, რომ წყლის ჭავლის გამოყენებისას აქცია საწყის ფაზაში იყო. იმდენად, რამდენადაც აქცია არ გასცდენია მშვიდობიანი გამოხატვის ფორმას და კანონიერ ფარგლებს, არ არსებობდა ძალის გამოყენების საფუძველი. ამის მიუხედავად, აქციის წინააღმდეგ სრულიად არაპროპორციული ძალისმიერი მეთოდები იქნა გამოყენებული ისე, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არ მომხდარა აქციის მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება.
მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, არ გამოიყენონ ძალისმიერი მეთოდები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ და უზრუნველყონ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეუფერხებლად განხორციელება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადების თანახმად, წყლის ჭავლის გამოყენება სპეციალურმა ძალებმა ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაიწყეს.
„რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა ჯგუფებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს მაშინ, როცა შეკრების ადგილზე შეკრების მონაწილეების მხოლოდ მცირე ნაწილი იყო თავმოყრილი და მათი დიდი ნაწილი არსებითად მშვიდობიან ქცევას ინარჩუნებდა. წყლის ჭავლის გამოყენება ადგილზე მობილიზებულმა დიდი რაოდენობის სპეციალურმა ძალებმა ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაიწყეს.
პოლიციის შესახებ კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, წყალსატყორცნი საშუალების გამოყენება დასაშვებია მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად და სხვა შემთხვევებში. საერთაშორისო სტანდარტები შესაბამისად, ისეთი საშუალებები, როგორიცაა ცრემლსადენი გაზი ან წყლის ჭავლი, რომლებიც ზიანის მიყენების მაღალ საფრთხეებს წარმოშობს, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოყენებული, როდესაც ადგილი აქვს მასობრივ ძალადობას, თუმცა ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა სხვა საშუალებამ ვერ შეძლო ძალადობის შეკავება.
მედია საშუალებებით გავრცელებული ვიდეომასალა აჩვენებს, რომ კანონით გათვალისწინებული ზემოთ აღნიშნული წინაპირობები განსახილველი შეკრების შემთხვევაში არ არსებობდა. შესაბამისად, ამ პირობებში შეკრების დაშლისა და ჭარბი სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერი საფუძვლები არ არსებობდა. მით უფრო, ჭავლის გამოყენებას წინ არ უძღოდა აქციის მონაწილეთა გაფრთხილება და შესაძლებლობა, თავისუფლად დაეტოვებინათ შეკრების ადგილი. წყლის ჭავლის გამოყენებამდე პოლიციამ ასევე არ სცადა ვითარების განმუხტვა უფრო მსუბუქი საშუალებების გამოყენების გზით. აგრეთვე არგუმენტს მოკლებულია ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადება, რომ საპოლიციო ძალის გამოყენების წინ შეუძლებელი იყო შეკრების მონაწილეების გაფრთხილება, რადგან არ არსებობდა არანაირი მყისიერი და გადაუდებელი საფრთხე, რომლის გამოც პოლიციის მხრიდან გაფრთხილების ვალდებულების შესრულება არსებით საფრთხეს შეუქმნიდა საჯარო ინტერესებს, ან საზოგადოებრივ წესრიგს.
პოლიტიკური კრიზისის დროს სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიული აპარატის გამოყენება ჩვენი პოლიტიკური გამოცდილების ნაწილი გახდა. სამწუხაროდ, მმართველი პოლიტიკური პარტია, რომელიც წლების განმავლობაში საკუთარ მორალურ ლეგიტიმაციას რეპრესიული პრაქტიკების უარყოფას აფუძნებდა, ბოლო წლებში თავად ქმნის მასობრივი აქციების რეპრესიული დაშლის გამოცდილებას. ეს პრაქტიკა არსებითად აზიანებს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძვლებს და ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და შეკრების თავისუფლების ხელყოფის მაღალ რისკებს ქმნის. პოლიტიკურ კრიზისებზე ამგვარი რეაგირება პოლიტიკის რადიკალიზებას ზრდის და უნდობლობას, ნიჰილიზმსა და პოლარიზებას აღრმავებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„იემსი“ მოუწოდებს: საქართველოს მთავრობასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ დაუშვას მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების მიმართ არაპროპორციული და ჭარბი საპოლიციო ძალის გამოყენება; ყველა პოლიტიკურ პარტიას მიიღონ ყველა ზომა პოლიტიკური პროცესების დეესკალაციისა და არსებული პროცესების მოლაპარაკებების რეჟიმში გადაყვანის მიზნით.
საარჩევნო ადმინისტრაციასთან განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოც“.