რამდენი სამინისტრო დარჩება მთავრობაში, ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის 
რამდენი სამინისტრო დარჩება მთავრობაში, ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის 

რამდენი სამინისტრო დარჩება საქართველოს მთავრობაში, ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, – აღნიშნულთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული კონსულტაციების დასრულების შემდეგ, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, განიხილება პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის წინადადება სამინისტროების 14-დან 11-მდე შემცირების თაობაზე, თუმცა იდეა ჯერ განხილვის პროცესშია.

„დამერწმუნეთ, არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი. წინადადება არის ამ მიმართულებით, მაგრამ წინადადება არ ნიშნავს უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას“, – განმარტა აკაკი ზოიძემ.

დეპუტატმა დაადასტურა, რომ მმართველი გუნდი სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის, კულტურისა და განათლების, ლტოლვილთა და ჯანდაცვის სამინისტროების გაერთიანებაზე მსჯელობს. თუმცა, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ცვლილებები სხვა სამინისტროებსაც შეეხოთ.

„რაზეც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, გიდასტურებთ, რომ ეს წინადადებები არის განხილვის თემა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ჩვენ ხვალ გავაგრძელებთ მუშაობას. ცვლილებებს ვიხილავთ მხოლოდ ერთი კუთხით. ამიტომ, არ ყოფილა არც პიროვნებებზე საუბარი, არც იმაზე, ვინ იქნება მინისტრი. საუბარია იმაზე, რომ მაქსიმალურად მოქალაქეებს გავუადვილოთ იმ სარგებლის და მომსახურების მიღება, რომელსაც სახელმწიფო უნდა აწვდიდეს; მეორე – მაქსიმალურად უნარიანი, ქმედითი და ეფექტიანი იყოს მთავრობა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესი დაჩქარდეს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისი თქმით, თვითმიზანი არ არის არც 11, არც 10 და არც ცხრა სამინისტრო.

„უბრალოდ, საუბარია იმაზე, რომ შეიძლება სხვა სამინისტროებსაც შეეხოთ ცვლილებები. ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ რიცხვი შემცირდება. შეიძლება ფუნქციები გარკვეული სამინისტროებიდან სხვაგან გადავიდეს“, – განმარტა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მთავრობაში დაგეგმილი რეორგანიზაციის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები გაიმართა. აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები ხვალაც გაგრძელდება.

მცირე მთავრობის კონცეფციის თანახმად, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, დაახლოებით სამ კვირაში მომზადდება, სტრუქტურული ცვლილებები  განხორციელდება და სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება.