„შვედეთის მთავრობამ მოახერხა ის, რაც სხვებმა ვერ შეძლეს – ადამიანის პიროვნული თავისუფლების შენარჩუნება პანდემიის დროს“, „შვედურმა მოდელმა COVID-19-თან მიმართებით დიდი მარცხი განიცადა“, „შვედეთის მოსახლეობა გაძლიერებული იმუნიტეტით მეორე ტალღას უფრო მომზადებული შეხვდება, ვიდრე სხვები“, – ამგვარ შეფასებებს დასავლურ მედიაში მკითხველი არაერთხელ შეხვდება, როცა საუბარია შვედეთის მიერ არჩეულ სტრატეგიაზე კორონავირუსთან მიმართებით. ეს არის მოდელი, რომელმაც პანდემიის პირობებში, აზრი ორად გახლიჩა.
შვედეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ჯერ კიდევ იანვარში დაფიქსირდა. ეს იყო იმპორტირებული შემთხვევა, რომელიც სოციალ-დემოკრატიული მთავრობისთვის საგანგაშო გზავნილი არ ყოფილა. ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა თვენახევრის განმავლობაში ნელი ტემპით მიედინებოდა. 11 მარტისთვის, როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა, შვედეთში 200-მდე ინფიცირებული აღირიცხებოდა.
იმ პერიოდში ევროპულ სახელმწიფოებში მთელი რიგი ზომების მიღება დაიწყო: ჩაიკეტა საზღვრები, დაიკეტა სკოლები, კაფეები, რესტორნები, ღამის კლუბები, სავარჯიშო დარბაზები, გაუქმდა დაგეგმილი ღონისძიებები, მილიონობით ადამიანი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა. ზოგ ქვეყანაში დროებით დაიკეტა ეკლესიები, მეჩეთები, სინაგოგები და მსოფლიო მასშტაბური კარანტინის წინაშე აღმოჩნდა.
შვედეთმა გარკვეულწილად განსხვავებული გზა აირჩია. მაშინ, როცა გაზაფხულმა სახლში გამოკეტილი ევროპელების გარეშე ჩაიარა, შვედებმა მზიანი დღეები ღია ცის ქვეშ გაატარეს. მთავრობის განცხადება – „ჩვენ არაფერს აგიკრძალავთ, თუმცა ვთხოვთ ყველას, ვისაც სიმპტომები აღენიშნება, დარჩეს დახლში“ – საკმარისი აღმოჩნდა. მარტის ბოლოდან ინფიცირების და სიკვდილიანობის მაჩვენებელმა ზრდა სწრაფად დაიწყო.
დღევანდელი მონაცემებით, შვედეთში დაახლოებით 37 ათასი ადამიანია ინფიცირებული. ბოლო კვირებში პაციენტების რაოდენობა შემცირდა, ისევე როგორც ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა, მაგრამ გარდაცვლილთა რაოდენობამ საერთო ჯამში 4000-ს გადააჭარმა, რაც გაცილებით მაღალი ციფრია, ვიდრე სკანდინავიის დანარჩენ ქვეყნებში. სწორედ ამის გამო, შვედეთის მოქალაქეებისთვის ნორვეგიასა და დანიაში მოგზაურობა შეზღუდულია. ევროკავშირისა და შენგენის ზონის არსებობის ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჩრდილოეთის სახელმწიფოების მოქალაქეებს შორის მიმოსვლა შეფერხდა.
ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს პირველი არხის ანალიტიკურმა გადაცემამ „ახალი კვირა“ შვედეთის ჯანდაცვის ელჩთან, ანდერს ნორდსტომთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. ანდერს ნორდსტრომს 2006-2007 წლებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობა ეკავა.
რატომ აირჩია შვედეთმა ეს სტრატეგია, რა იყო მთავარი მიზანი, მთავარი ამოცანა?
პირველ რიგში, მინდა განვმარტო, რომ არ არის სწორი ფორმულირება, თითქოს შვედეთს არავითარი ზომები არ მიუღია, როგორც ბევრს ჰგონია. ჩვენს სტრატეგიასა და სხვა ევროპული ქვეყნების სტრატეგიას შორის ძალიან დიდი სხვაობაც არ ყოფილა. ტესტირება ჩავუტარეთ მათ ნაწილს, ვისაც ვირუსის სიმპტომები აღენიშნებოდა, განვაცალკევეთ რისკ-ჯგუფები. შვილიშვილები აცნობიერებდნენ, რომ ბებია-ბაბუასთან სტუმრობა არ იქნებოდა მიზანშეწონილი. ძალიან ბევრი ადამიანი გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე. სამწუხაროდ, მსოფლიოში შეიქმნა მცდარი წარმოდგენა შვედეთზე, თითქოს არაფერი გაგვიკეთებია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ COVID-19-ის გავრცელების დასაბრკოლებლად ჩვენ ყველა ღონისძიება არა იძულებით, არამედ ხალხის ნებაზე დაფუძნებით გავატარეთ. მოსახლეობამ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო – ეს იყო კეთილი ნება და არა ვალდებულება, ასე რომ, ჩვენ გვქონდა ე.წ. ლოქდაუნი, მაგრამ მხოლოდ სამოქალაქო პასუხისმგებლობით განპირობებული. შვედეთის მთავრობის მიზანი არც ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავება ყოფილა. ჩვენ არაფერი აგვიკრძალავს, მხოლოდ მარტივად ავუხსენით მოქალაქეებს, რომ დარჩეს სახლში ის, ვისაც სიმპტომები აქვს და ვინც თავს კარგად გრძნობს, შეუძლია, ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში განაგრძოს, ვურჩიეთ, რომ დაეცვათ პირადი ჰიგიება, დაებანათ ხელები, მორიდებოდნენ ხალხმრავლობას. ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ ის იყო, რომ ადამიანების ცხოვრებაზე აკრძალვებით გავლენა არ მოგვეხდინა, პარალელურად კი ვზრუნავდით და ვზრუნავთ ჯანდაცვის სისტემასა და ვირუსის გავრცლების შეჩერებაზე.
ფიქრობთ, რომ ამ მოდელმა გაამართლა?
ჩვენი მიზანი და ამბიცია არასდროს ყოფილა ვირუსის აღმოფხვრა 100 პროცენტით, არამედ მიზანი იყო ვირუსის გავრცელების შეჩერება. ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა, რამდენად გაამართლა, მაგრამ ამ გამოცდილებამ მართლაც ბევრი რამ დაგვანახა და გვასწავლა, როგორ ვიმოქმედოთ მომავალშიც. ფაქტია, რომ ინფიცირების კუთხით, სავალალო მდგომარეობა შვედეთში არ ყოფილა და მოქალაქეები თავს ჯანმრთელად გრძნობენ.
თქვენი აზრით, რამდენად მართებულია შვედეთს სხვა სახელმწიფოებმაც მიბაძონ? არსებობს აზრი, რომ შვედეთის სტრატეგია დამღუპველი იქნებოდა სუსტი ჯანდაცვისა და სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის, თუნდაც აღმოსავლეთ ევროპისთვის.
ვეთანხმები მოსაზრებას, რომელიც ახლა აღნიშნეთ, ჩვენი მაგალითი ნაკლებად მისაბაძია იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც მოწყვლადი ჯანდაცვის სისტემა აქვთ. ასევე ვფიქრობ, რომ არ არის სწორი კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში მხოლოდ ერთი მოდელი მივიჩნიოთ გამართლებულად, რადგან ყველა ქვეყანა განსხვავებულია, ისევე როგორც განსხვავებულია ეპიდაფეთქების მასშტაბები. სწორედ ამ უკანასკნელს ეფუძნება ეპიდემიასთან ბრძოლის სტრატეგია. მაგალითად, რომ შევადაროთ საფრანგეთს შვედეთის მდგომარეობა კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, განსხვავება დიდია. შესაბამისად, არ იქნება სწორი ვთქვათ, რომ შვედეთის მოდელი უკეთესია, ვიდრე სტრატეგია, რითაც საფრანგეთი ეპიდემიას გაუმკლავდა. სტრატეგიის შემუშავებისას თავისთავად, ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი, მათ შორის გეოგრაფიული მდებარეობა, ვითარება მეზობელ სახელმწიფოებში და ა.შ. ასე რომ, არ იქნება გონივრული, რომელიმე ერთი ქვეყნის ბრძოლა COVID-19-ის წინააღმდეგ ყველა ქვეყნისთვის სამაგალითო, მისაბაძ მოდელად იქცეს.
თქვენ აღნიშნეთ, რომ შვედეთის მთავრობის მიზანი ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავება არ ყოფილა, თუმცა მაინც გკითხავთ, რამდენად ეფექტურია ე.წ. ჯოგური იმუნიტეტი ეპიდემიების დროს?
დიახ, ჩვენი მიზანი ეს ნამდვილად არ ყოფილა. ესეც არასწორი ინტერპრეტაციის საგანი გახდა ბევრისთვის. რაც შეეხება, ზოგადად ჯოგურ იმუნიტეტს, ინფექციური დაავადებების დროს ეს ნამდვილად კარგად მუშაობს. ჯოგური იმუნიტეტის მისაღწევად, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ იმუნიზაცია გამოიყენება. ამ გზით ხდება მსოფლიო მოსახლეობაში საშიში ვირუსების თავიდან არიდება.
რამდენად მზად არის მსოფლიო იმისთვის, რომ ეპიდემიის მეორე ტალღას გაუმკლავდეს? ხომ არ ფიქრობთ, რომ მეორე ტალღა უფრო ძლიერი იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ წარსულში ეპიდემიების მეორე ტალღა მეტი აგრესიულობით გამოირჩეოდა, ვიდრე პირველი?
თუ შევხედავთ აზიას, გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ მეორე ტალღა დაწყებულია. ის, რაც ხდება სინგაპურში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში, ამის გამოვლინებაა. ვხედავთ ათეულ შემთხვევებს, მაგრამ არა დრამატულ შედეგს. აქედან გამომდინარე, თუ დავუშვებთ, რომ პანდემიის მეორე ტალღა ევროპაშიც მსგავსი სცენარით განვითარდება, თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, მეორე ფაზა არ იქნება ისეთი აგრესიული, როგორც პირველი იყო.
თქვენ იყავით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანი. საინტერესოა თქვენი მოსაზრება, რამდენად დროულად იმოქმედა ჯანმო-მ ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდაფეთქების დროს?
ჩემი 30-წლიანი პრაქტიკის გათვალისწინებით გეტყვით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დღესდღეობით გამორჩეულად კომპეტენტური მენეჯმენტი ჰყავს და მათთვის ეს ვითარება გაკვეთილიც იყო, რის საფუძველზეც ისინი ნამდვილად გამოასწორებენ ბევრ რამეს. მათი მოქმედება იდეალური არ ყოფილა, მაგრამ საერთო ჯამში, ყველა დეტალს თუ გავითვალისწინებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ კრიზისს კარგად გაუმკლავდა.
როდის ექნება მსოფლიო მოსახლეობას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა?
ვფიქრობ, რომ წლის ბოლოს გვეცოდინება, რომელი ვაქცინაა ეფექტური კორონავირუსის წინააღმდეგ. რამდენიმე კანდიდატ ვაქცინაზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, მიმდინარეობს კლინიკური ცდები სხვადასხვა დონეზე. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ვაქცინა აუცილებლად შეიქმნება, ამაზე დავაც კი არ შეიძლება. კორონავირუსი არ არის ისეთი რთული ვირუსი, რომ მისი ვაქცინის შექმნა ადამიანის შესაძლებლობებს აღემატებოდეს.