რამაზ სვანაძე - 21-წლამდელთა ნაკრების წევრებს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვთ
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნულმა რამაზ სვანაძემ პირველი კომენტარი გააკეთა და მიზნებზე ილაპარაკა.
„უპირველესად, გამოცხადებული ნდობისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას მადლობას ვუხდი. მაქსიმალურად შევეცდები, რომ ეს ნდობა გავამართლო. ჩემთვის ეს ძალიან დიდი გამოწვევაა, გაცნობიერებული მაქვს, რომ 2023 წელს ევროპის ჩემპიონატს საქართველოში ვმასპინძლობთ და მთელი დარჩენილი პერიოდი მაქსიმალური მობილიზება გვჭირდება, ტურნირს სრულ მზადყოფნაში რომ შევხვდეთ“, – ამბობს სვანაძე.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იმ კონტინგენტზე ილაპარაკა, რომელთან მუშაობაც მოუწევს:
„ჩემთვის ნაცნობი ფეხბურთელები არიან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვთ. მე ამას ვგრძნობდი იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც მათთან ერთად 19-წლამდე ნაკრებში გავატარე. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ასე გაგრძელდება“.
სვანაძემ სელექციის გაგრძელების აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი:
„ნაკრების სელექცია ცოცხალი პროცესია. ამის ფარგლებში, შესაძლოა, ვინმე შემოგვემატოს ან გამოგვაკლდეს. ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა. ეს ახალი შანსია, როგორც მწვრთნელებისთვის, ასევე ფეხბურთელებისთვის. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ეს შანსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ ევროპის ჩემპიონატზე ღირსეული ასპარეზობისთვის. პირველი ეტაპი, რომელიც უკვე მიმდინარე წელს აიღებს სტარტს, მთლიანად სელექციას დაეთმობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპის ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ და ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ“.