რამაზ საყვარელიძე - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი არის ამ ხელისუფლების თვითდაზიანების აქტი
ეს კანონი არის ამ ხელისუფლების თვითდაზიანების აქტი, – განაცხადა ფსიქოლოგმა და პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე საუბრისას.
„ეს „ენჯეოები“ და მედია, ვინც ფინანსდება, დასავლეთიდან ფინანსდება და შენ როგორც კი ამას გამოაცხადებ დანაშაულად, ამით ავტომატურად გადაიმტერებ იმას, ვინც მათ აფინანსებს და რატომ, ვერ გავიგე“, – განაცხადა საყვარელიძემ.
ამ განცხადებით რამაზ საყვარელიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, უნდა იქნას თუ არა მიღებული „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი, იმის გათვალისწინებით, რომ დემოკრატიის ერთ-ერთი საფუძველი გამჭვირვალობაა, მათ შორის, ფინანსური, ხოლო დღეის მდგომარეობით, არასამეწარმეო იურიდიულ პირებს შემოსავლების სამსახურში ფინანსური ანგარიშების წარდგენის ვალდებულება აქვთ, თუმცა ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, დაინტერესებული პირი ინფორმაციას ვერ იღებდეს იმის შესახებ, თუ რომელი ორგანიზაცია ვისგან ფინანსდება, შემდეგ ამ ფულს რა მიზნებს ახმარს და ა.შ.
როგორც რამაზ საყვარელიძემ აღნიშნა, გამჭვირვალობისთვის ამ კანონის მიღება აუცილებელი არ არის.
მისივე თქმით, მსგავსი კანონის მიღებას შესაბამისი კონტექსტი სჭირდება, რაც საქართველოში არ არსებობს.
„ამ თემაზე პირველად არ ვსაუბრობ და ერთ-ერთ ჟურნალისტთან ეს ვთქვი – „ქართულ ოცნებას“ რომ ეკისრა რამდენიმე, თუნდაც ორი სასამართლო პროცესი მეთქი, სადაც ეჩვენებინათ, რომ, აი, ვიღაც მამაძაღლები ანტისახელმწიფოებრივ რაღაცას აკეთებენ და ეს ყოფილიყო გასაჯაროებული, ეს უკვე იქნებოდა იმის არგუმენტი, რომ კანონი მისაღებია. ყველაფერს ხომ უნდა თავისი კონტექსტი?“ – განაცხადა საყვარელიძემ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ეს კანონი საქართველოში ზოგადად არ არის მისაღები, თუ მხოლოდ ამ კონკრეტულ მომენტში არ არის საჭირო და უნდა გადაიდოს, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ამ მწვავე პერიოდში აუტკივებელი თავი არ უნდა აიტკივოს.
„2012 წლის ივანიშვილის რევოლუციამ „ვარდების რევოლუცია“ დაამარცხა, ხომ? „ვარდების რევოლუციის“ მწარე გამოცდილებით რომ მიეღოთ ეს კანონი, რომელიც გააკონტროლებდა იმ „ენჯეოებს“ და მედიას, ვინც „ვარდების რევოლუცია“ გაგიკეთა, კიდევ ლოგიკას ვხედავ, მაგრამ ათი წელი გავიდა და რა გინდა, რას მისდევ, ვის მისდევ, ხომ? მოუარე, რა! თუ აქამდე უვლიდი ისე, რომ არ იღუპებოდა ქვეყანა, გააგრძელე ახლა ამ მწვავე პერიოდში, რატომ იტკივებ აუტკივებელ თავს?“ – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.