რამაზ საყვარელიძე - სოციოლოგიური გამოკვლევა ძვირი სიამოვნებაა, NDI და IRI კი უკვე ოცი წელია, საჩუქრად გვიტარებს კვლევებს და უფასო ყველი ხომ იცით, სადაც არის
სოციოლოგიური გამოკვლევა ძვირი სიამოვნებაა, ასე ადვილად ვერ იპოვი ამ ფულს, NDI და IRI კი უკვე ოცი წელია, საჩუქრად გვიტარებს ამ კვლევებს და უფასო ყველი ხომ იცით, სადაც არის, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ამ გამოკვლევებს, როგორც ჩანს, თავისი მიზნები აქვს მათთვის, ვინც ამ გამოკვლევებს აფინანსებს. გასაჯაროებული გამოკვლევა არის ზემოქმედების საშუალება, სარეკლამო ფუნქციას ასრულებს. IRI-სთან იყო, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ერთნაირად ემხრობა ორ წამყვან პარტიას, ეს კი უკვე ბიძგია იმისკენ, რომ კონკრეტული ამომრჩეველი დაფიქრდეს და იჭოჭმანოს უკვე, მეტი არაფერი აღარაა საჭირო. უკვე მერამდენე გამოკვლევაში ძალიან დიდია გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რიცხვი, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ გადაუწყვეტელთა რიცხვი, ეს არის მანიპულაციის შედეგად მიღებული გადაუწყვეტლობა. თუ დავაკვირდებით, ოპოზიციური პარტიების, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ ტენდენცია ხშირად არის ასეთი – ჩვენ არ ვარგივართ, მაგრამ არც ისინი არ ვარგიან და ამის პედალირება მიდის. შედეგად ვიღებთ იმას, რომ ბევრი მოქალაქე გადაწყვეტს, არცერთი არ ვარგა და სახლში დავრჩები. აი, ამ სახლში დავრჩების შედეგად ვისი ამომრჩეველი რჩება სახლში ძირითადად? „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი არ რჩება სახლში, „ქართული ოცნების“ რჩება. ასე რომ, ეს პოზიციების თითქოს გათანაბრება პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტია და ფსიქოლოგიური მანიპულაციის ერთ-ერთი შედეგი. ასე რომ, ამის თქმა, გადაუწყვეტელთა რიცხვმა აიწიაო, მანიპულაციამ იმუშავა და მეტი არაფერი, თორემ ობიექტურად ეს დიდი ინფორმაციის მატარებელი არ არის. მით უმეტეს, რომ საარჩევნო ყუთთან ამომრჩევლის დიდი პროცენტი მაინც მიდის და რაღაც გადაწყვეტილებას იღებს“, – განაცხადა საყვარელიძემ.
ამ განცხადებით რამაზ საყვარელიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რისი მანიშნებელია ტენდენციები, რომელიც ბოლო ორ კვირაში გამოქვეყნებულ ორ კვლევაში იკვეთება, რომ შემცირებულია ყველა პოლიტიკური პარტიის რეიტინგი და გაზრდილია იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებიც არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ენდობიან და მიიჩნევენ, რომ პარტიები საზოგადოების ინტერესებს სათანადოდ არ გამოხატავენ.
რამაზ საყვარელიძის თქმით, არის მანიპულაციის კიდევ ერთი საშუალება – ინტერვიუერის გაგზავნა იქ, სადაც იცი, რა პასუხს მიიღებ.
„ეს ერთ-ერთი გავრცელებული ვარიანტია და ძალიან ხშირად ეს NDI და IRI არ ტყუის; წერენ იმას, რაც უპასუხეს. უბნებია შერჩეული. თავის დროზე, როცა არჩევნების გაყალბების სპეციალისტებს უფრო ახლოს ვიცნობდი, „მოქალაქეთა კავშირში“ და ა.შ., იქ ერთ-ერთი არგუმენტი ეს იყო, იქით წავიდეთ, მაგალითად, იმ შენობებში ჩვენი მომხრეები არიან, აქეთ კი არაო და სოციოლოგიაშიც იგივე კეთდება“, – განაცხადა საყვარელიძემ.
პოლიტოლოგმა ასევე აღნიშნა, რომ ამ კვლევებში არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რამ, რაზეც თვითონ ოპოზიციამ არ გაამახვილა ყურადღება.
„თვითონ ოპოზიციური პარტიებია ძალიან ჩამქრალი და დაკარგული. რეალურად, ჩვენ მივდივართ ერთპარტიული სისტემისკენ. ოპოზიცია რომ აცხადებს, სატელეფონო გამოკითხვაში ეშინიათო, ანკეტური გამოკითხვა თუ არის და სახლში მოგადგება კაცი, ის უფრო ამშვიდებს ადამიანს, რახან ვიღაცას დაინახავს, თუ რა? მოკლედ, კომიკური ახსნებია“, – განაცხადა საყვარელიძემ.
შეკითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი ოპოზიციის გაერთიანება 2024 წლის არჩევნებისთვის, რადგან ოპოზიცია აცხადებს, რომ, ჯამურად, მათი პროცენტული მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე „ქართული ოცნების“, რამაზ საყვარელიძემ აღნიშნა, რომ, შესაძლოა, ოპოზიცია გაერთიანდეს, მაგრამ ეს მათი მომხრეების გაერთიანებას არ ნიშნავს.
„„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთხელ უკვე გადააგდო მთელი ოპოზიცია, ჩემი ხმები რატომ უნდა მივცე მაგათო. გაერთიანებას ეს მინუსი აქვს, პარტიები რომ გაერთიანდებიან, მერე ერთმანეთს ადგილები უნდა დაუთმონ სიაში, ეს კი არ აწყობთ და ის შანსიც არის, რომ თუ რაღაც სასწაული მოვახდინე, ჩემი ყველა ხმა ჩემი იქნება. დღეს ერთმა თქვენმა კოლეგამ მკითხა, ხიდაშელმა წამოაყენა ვერსია, რომ ხაზარაძის და გახარიას პარტია გაერთიანდნენო, მაგრამ ერთის მომხრე მეორეს მომხრეს გაუერთიანდება? ლიდერები რომ ერთიანდებიან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომხრეებიც ერთიანდებიან. ასე რომ, შეიძლება, ცარიელი სურათი მიიღონ ასეთი გაერთიანებით“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.