რამაზ საყვარელიძე - პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, საქართველომ ყველაფრისა და ყველასგან მოახერხოს დისტანცირება და თავისი ადგილის პოვნა ასეთ რთულ გადაკვეთაზე, პოლიტიკურ ხაფანგში
რამაზ საყვარელიძე - პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, საქართველომ ყველაფრისა და ყველასგან მოახერხოს დისტანცირება და თავისი ადგილის პოვნა ასეთ რთულ გადაკვეთაზე, პოლიტიკურ ხაფანგში

30 წლის განმავლობაში სიტყვა ღირსება არ გახსენებია არავის და მე მივესალმები ამ პოლიტიკას, – განაცხადა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„არა მარტო იმიტომ, რომ გულს უხარია, როცა ასეთი ეპითეტი ტრიალებს შენს ქვეყანაში, არამედ ეს პრაქტიკულად არის ძალიან მნიშვნელოვანი. როცა ძალების ახალ სქემაზე ვლაპარაკობთ, აქამდე იყო რეალური თუ არარეალური რუსეთი-დასავლეთი, ახლა კიდევ არის რუსეთი-ამერიკა-ევროპა და ამათი, ამერიკისა და ევროპის გაიგივება, მგონი, გადაჭარბებულია. იქ ცალკე პრობლემებია მათ ურთიერთობებში და შემოვიდა უზარმაზარი ჩინეთი, რომელსაც სულ ელოდებოდნენ, როდის შემოვაო და აჰა, შემოვიდა. თან, შემოვიდა საქართველოში მატარებლების შემოყვანით. აი, ამდენი ფაქტორის გადაკვეთაზე საქართველოს მოუწია, იპოვოს თავისი თავი და მეობა. საკმარისია, საქართველომ თავის პოზიციაზე უარი თქვას და მთლიანად გადავიდეს ამერიკულ, ევროპულ ან ჩინურ თემაზე და ადვილად წაიშლება ქართული პოლიტიკური ხელწერა და კვალი. აი, ამ თანაკვეთაში პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქართველომ ყველაფრისა და ყველასგან მოახერხოს დისტანცირება და თავისი ადგილის პოვნა ასეთ რთულ გადაკვეთაზე და პოლიტიკურ ხაფანგში, რომელშიც დღეს საქართველოა, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო“, – განაცხადა საყვარელიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა შეფასებას მისცემს აშშ-ის კონგრესში ჩატარებულ მოსმენაზე გაკეთებულ განცხადებებს და პარალელებს უკრაინაში რევოლუციებზე, სადაც ასევე ითქვა, რომ თუ ოქტომბერში საქართველოში არჩევნები გაყალბდება, შესაძლოა, კიდევ ერთი ფერადი რევოლუცია მოხდეს, როგორც ეს უკრაინაში განხორციელდა, ამის პარალელურად კი მსგავსი განცხადებები თბილისშიც კეთდება, როცა, მაგალითად, „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი გიორგი რუხაძე ამბობს: „კარგი იქნება, თუ თბილისში მოხდება შემდეგი მაიდანი, „ქართული ოცნება“ თუ შეეცდება, მოსახლეობის ნების წინააღმდეგ მაინც დარჩეს ხელისუფლებაში, მაშინ აუცილებლად მოხდება მაიდანი“, რა მოუტანა მაიდანმა უკრაინას და რატომ აქვთ ეს სურვილები საქართველოსთან მიმართებით, რამაზ საყვარელიძემ აღნიშნა, რომ თუ ვინმეს რევოლუციის წახალისების საშუალება მიეცემა, რა თქმა უნდა, გამოიყენებენ არამხოლოდ საქართველოსთან მიმართებით.

შეკითხვაზე, რატომ საუბრობენ ამდენს საქართველოს უცხოელი პარტნიორები საქართველოში არჩევნების შესაძლო გაყალბებასა და რევოლუციაზე, მაგალითად, ცოტა ხნით ადრე იყო კელი დეგნანის განცხადება, რომ ელექტრონული სისტემა არ არის მყარი გარანტია, რათა გაყალბება არ მოხდეს და ამას მოჰყვა სალომე ზურაბიშილის არაერთი განცხადება, რომლის მიხედვითაც ის მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ელექტრონული წესით ჩატარებული არჩევნების ობიექტურობას, როდესაც არჩევენების შემდეგ ხმების დაცვის შესაძლო საჭიროებაზე საუბრობს, საყვარელიძემ განაცხადა, რომ ისეთი ორკესტრირებული სურათია მიღებული, შეუძლებელია, ეს განცხადებები არ განვიხილოთ, როგორც ერთი სცენარის რამდენიმე ნაწილი.

„რა თქმა უნდა, მივდივართ იქამდე და ალბათ უფრო დიდი კონტექსტიც გვკარნახობს, რომ ვიღაცები არიან დაინტერესებული, ჩინეთ-ევროპის კავკასიური ხაზი ატრიალდეს, გატყდეს და გაიბზაროს. ამ ხაზმა და ტრანზიტმა გააჩინა კანონი, ისტერიკა ამ კანონის გარშემო და ა.შ.“ – განაცხადა საყვარელიძემ.

პოლიტოლოგმა ასევე განაცხადა, რომ დეკორაცია ისეთია, თითქოს მთავარია, ხელისუფლება შეიცვალოს, მაგრამ სინამდვილეში ეს კი არ არის მთავარი, არამედ ის, რომ ნადირობაა ძველი ხელისუფლების მოყვანაზე, რომელიც საქართველომ 2012 წელს ძლივს ჩამოიშორა.

„უნდა გავაცნობიეროთ, რომ იმ ხელისუფლების აღდგენაა ძირითადი მიზანი და არამარტო ამათი გადაყენება. შეიძლება, ეს ერთი პროცესია, მაგრამ ის არის მთავარი. იმიტომ, რომ ის ხელისუფლება ახერხებდა, ეპოვა საერთო ამერიკასთანაც, რუსეთთანაც და ჩინეთთანაც კი იყო ზოგიერთი წარმომადგენელი. საქართველოში სხვა ქვეყნებს არცერთი პოლიტიკური გუნდი არ ეგულებათ ისეთი, რომელიც შეიძლება, ასეთი ელასტიკური იყოს ყველა საგარეო ზეწოლის მიმართ, როგორიც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო“, – განაცხადა საყვარელიძემ.

მაკა ცინცაძის შეკითსხვაზე, რას შეცვლის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის სანქციების დაწესება, თუ ასეთი რამ მოხდა, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც პრემიერი აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვის აუცილებლობაზე საუბრობს, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომ როგორც აშშ-მა გამოგვიცხადა, ჯერ არც სანქციებს გაგვიმხელენ და არც სახელებს.

„მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ არც ეგულებათ ეგ სანქციები და სახელები. ახლა ჩვენი სანქცირება აშშ-ისთვის არ არის აქტუალური თემა. მგონი, თვითონაც ელოდებიან, როგორ განვითარდება პროცესები. ეს ჩინეთი კი მეტოქედ არის აღქმული, მაგრამ აქ ხომ ორი კონცეფციაა, კისინჯერის ვარიანტი – მეტოქესთან ჩხუბს ნუ დაიწყებ, გაიყავი მსოფლიო შენს მეტოქესთან ერთად და მეორე, უნდა დაეტაკო, დატაკებას კი ცალკე რესურსი უნდა. ჯერ უკრაინის ომი არ აქვთ გადაწყვეტილი. თან ბაიდენი უკრაინის ომზე იძახდა, რუსეთი არ უნდა დამარცხდესო. იმიტომ, რომ მერე ჩინეთი შემოდის რუსეთის ტერიტორიაზე. ახლა იძახის, კი, უნდა დამარცხდეს, მაგრამ ისე, რომ კრემლი არ დამარცხდესო და ქვეყანა როგორ უნდა დამარცხდეს ისე, რომ მისი დედაქალაქი კომფორტულად იყოს? ასე რომ, გარკვეული არ აქვთ, რა უნდათ, მიზანი არ აქვთ ჩამოყალიბებული, თორემ სურვილები აქვთ. მე დიდი იმედი მაქვს, რომ შეიძლება, ამ გარკვევის პროცესში საქართველომ გარკვეული როლი ითამაშოს. არა იმიტომ, რომ ჩვენ ყველაზე ჭკვიანები ვართ, უბრალოდ, დისტანცია გვაქვს და ჩვენი კუთხიდან უფრო კარგად ჩანს ყველაფერი, როგორც ადრე ვიძახდით, კოსოვოს ნუ მისცემთ დამოუკიდებლობას-თქო და არ დაგვიჯერეს, ჩვენ შეგვიძლია, ამ წერტილიდან დავინახოთ ის პრობლემები, რომლებიც მათი წერტილებიდან არ ჩანს, ეს კი ერთ-ერთი რესურსია. დღეს უკვე ღირსებისა და „კაპრიზის“ მქონე საქართველო, შეიძლება, თავისი პოლიტიკური შეთავაზებებითაც შევიდეს დიალოგში ნებისმიერ დიდ ქვეყანასთან. მე დიდი ეჭვი მაქვს, ჩინეთთან ამდაგვარი თანაბარი პოლიტიკური დიალოგი დაწყებულია. ამის მთელი რიგი ნიშნები არის და თუ დასავლეთთანაც დაიწყება, მაშინ ხიდი ვიქნებით“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.