რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციური პარტიები პარლამენტში თუ არ შევლენ, გაქრებიან
არის ლაპარაკი, ახლა კომპრომატების ომიაო, მაგრამ ესეც არ არის, იარლიყების ომია, – განაცხადა პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„მგონი, დაგინებულია და მიშას დაგინებულის ეშინიათ. იმიტომ, რომ ძველი მექანიზმია ამუშავებული. მე 90-იანი წლების მექანიზმი მახსენდება, კაგებეს აგენტიაო, იარლიყი რომ იყო და ხალხს მაგ იარლიყის ეშინოდა. ელისაშვილის ახლა იარლიყების ომი გამოუცხადეს, ხომ?! ასე რომ, ნუ გაგვიკვირდება, ესენი რომ აყოლილი არიან“, – განაცხადა საყვარელიძემ.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები ლოგიკურად გამართული არ არიან.
„უცხოელებთან უნდათ ურთიერთობა და მივიდნენ მოლაპარაკებებზე. უცხოელებთან ხომ არ გაიფუჭებენ ურთიერთობას, მაგრამ მეორე მხრივ, მოდიან და იმ უცხოელებს აგინებენ. ისინი ლოგიკურად გამართული არ არიან, ლოგიკა არ აქვთ და შევეგუოთ იმას, რომ ადამიანები შეიძლება, ისე მოქმედებდნენ, ლოგიკა, აზროვნება და სტრატეგია არ ჰქონდეთ. აფექტში არიან და მეტი რა უნდა ქნან?!“, – განაცხადა საყვარელიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა მოცემულობას მივიღებთ პარლამენტში საბოლოოდ, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომ თუ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში არ შევლენ, გაქრებიან.
„მერე წავა ასეთი სცენარი – დარჩება „ქართული ოცნება“ და დაიწყებს ჯგუფებად დაყოფას. ასეთიც ხომ გვინახავს?! ასე რომ, გამოუვალი მდგომარეობა არ შეიქმნება, თუ ჩვენ თვითონ არ გვექნა ისტერიკა – აუ, რა გვეშველება. ცხოვრება წავა ისე, როგორც პრინციპში, დასავლეთს უნდა. ისეთი ფიგურის დანიშვნით, როგორც აშშ-ის ელჩია, კიდევ უფრო გამოიკვეთა, რომ დასავლეთისთვის საქართველო უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ამ მნიშვნელობას გვერდით, უცებ, ყარაბაღის თემაში რუსეთის ჩართვა ჩაუდგა. ასე რომ, ეს მნიშვნელობა კვადრატში და კუბში ავიდა. ამიტომაა, რომ თუ 2003 წელს დასავლეთი შენთან რევოლუციას უჭერდა მხარს, დღეს არა იმიტომ, სამართლიანია თუ არასამართლიანი, მათთვის პოლიტიკურად არ არის მიზანშეწონილი საქართველოს აწრიალება. აი, ეს ფაქტორიც დაემატება იმას, რომ ყველაფერი იქნება კარგად“, – განაცხადა საყვარელიძემ.
პოლიტოლოგმა ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოება არ ღელავს და ამიტომ, ქუჩის პროცესები არ იქნება.
„საზოგადოებას რომ ვუყურებ, ეს საზოგადოება უმეტესწილად, არ ღელავს და ამიტომ, მიტინგებზეც არ ჩანს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, უბრალოდ, არ იქნება პროცესი, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში არიქა, ქუჩა წამოტივტივდეს“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.