ოპოზიციამ დაინახა და კიდევ უფრო კარგად დაინახავს, რომ ამ მატარებელს თუ ჩამორჩება, როგორც მიშას უყვარდა თქმა, მატარებელს თუ ჩამორჩი, ვერ შეახტებითო, მერე ძალიან გათიშული აღმოჩნდება, – ასე უპასუხა პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რამდენად რეალისტურია, რომ რეკომენდაციების შესასრულებლად ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ითანამშრომლონ, რაც ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.
„ჩვენი ოპოზიცია თან ევროპულ მხარეში ეძებს პარტნიორებს და ამ დროს, ევროპულ პროცესებში არ იღებს მონაწილეობას. ამიტომ, რა თქმა უნდა, დიდი შანსია, ისინი მატარებლის გარეთ აღმოჩდნენ. ამიტომ, მგონი, ისინი ამ პროცესში ჩაერთვებიან“, – განაცხადა საყვარელიძემ.
პოლიტოლოგმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპელ ლიდერთა რიტორიკის შეცვლას ჩინეთიდან ტვირთების ევროპაში ტრანზიტი განსაზღვრავდა.
„ევროკავშირის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ის თავის საზღვრებზე მყოფ ქვეყანაზე ფართოვდება და არ გადაახტება დავუშვათ, სხვა ქვეყნებს, საქართველოს კი ევროკავშირთან საზღვარი არ აქვს. ამ დროს, შოლცი იძახის, თბილისამდე უნდა მივიდეს ევროკავშირიო და რატომ იძახის? ერთი კვირით ადრე, მაკრონმა თქვა, ეს საქართველო სად არის, კაცმა არ იცისო. ეს გეოგრაფიული პრინციპი მაკრონმა მოტივად თქვა და არც მოგვცეს მაშინ სტატუსი. მერე, ცოტა ხანში, შოლცს უცბად მოუნდა თბილისში შემოსვლა. ამ პერიოდში, როცა მათ რიტორიკა შეცვალეს, გამოიკვეთა ჩინეთიდან სატრანზიტო გზის საქართველოზე გასვლის პერსპექტივა. ვთვლი, რომ აი, ესაა ის რეალპოლიტიკა, რომელმაც განაპირობა ჯერ რიტორიკის შეცვლა და მერე, საქართველოს მიღება კანდიდატად, თორემ მათ სრულიად თავისუფლად შეეძლოთ, იგივე გაემეორებინათ. მით უმეტეს, აგერ ცხრა პუნქტია დარჩენილი და გეტყოდნენ, ვერ შეასრულე და არ მინდაო, მაგრამ უცბად, იმ ცხრა პუნქტზეც დახუჭეს თვალი. რატომ? იმიტომ, რომ მათ მიერ თვალის დახუჭვას ჩინეთიდან ტვირთების ევროპაში ტრანზიტი განსაზღვრავდა“, – განაცხადა საყვარელიძემ.
მისი თქმით, ეს ყველაფერი საქართველოს ხელისუფლების რეალპოლიტიკის შედეგია.
„ამას ვამბობ დიდი კომპლიმენტის სახით. იმიტომ, რომ ჩინეთი, როგორც პარტნიორი, ხელისუფლების დამსახურებაა, თან, თუ შეიძლება ასე ითქვას, ხელისუფლების ეშმაკობების და დეტექტიური პოლიტიკის ჟანრში მოქმედების. პრემიერი მიდის ჩინეთში ისე, რომ ყველას ჰგონია, რაღაც ღონისძიებაზე ჩადის და ამ დროს, აფორმებს პარტნიორობას. იქ დაახვედრეს რუსთაველის ბიუსტი და თითქმის, არავის არ რგებია ასეთი პატივი. ასე რომ, დიდი საფუძვლები გაკეთდა და ყველაფერთან ერთად, როცა საქართველომ ევროპისთვის საჭირო უამრავი ნაბიჯი გადადგა, ამ დროს, შეიძლება, გადადგა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი – საქართველომ რეალური ხიდის როლი შეასრულა ევროპასა და აზიას შორის; არა დეკორაციული, არამედ ქართულმა მხარემ მხარი აუბა უკრაინის ომის გამო სანქციებით გაჩენილ შესაძლებლობას, რომ უნდა გამოვიდეს ტრანზიტი, თუმცა ამ ომამდეც იყო ჩინეთთან კონტაქტი. გავიხსენოთ, მატარებელი რომ შემოიყვანა ჩინეთმა თბილისში, ისე, რომ არც ის იცოდა არავინ“, – განაცხადა საყვარელიძემ.
როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, ეს კონტაქტი უნდა გაღრმავდეს, განვითარდეს და საქართველომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორები უნდა მოძებნოს, როგორც ევროპაში, ისე აზიაში.
„ჩვენ ხომ ევროპისთვის მნიშვნელოვანი გვინდა ხოლმე, ვიყოთ იმით, რომ ვიქცევით კარგად და იქნებ, იმით ხარ მნიშვნელოვანი, რომ იქცევი ისე, როგორც იმას სჭირდება, პრაგმატული თვალსაზრისით, რომ ჩავთვალოთ რომ პრაგმატული თვალით გიყურებს ევროპა?! მას სჭირდება შენი ხიდის ფუნქციის შესრულება და არა ის, შენ 9 პუნქტი გექნება შესრულებული, თუ 12. თუმცა ცხადია, ეს რეკომენდაციები მნიშვნელოვანია და მათი შესრულება ევროპისთვის კი არ გჭირდება, შენ გჭირდება. ერთი სიტყვით, ცხადია, აზიასთან კონტაქტმა იმოქმედა ამ პროცესზე. ეს კონტაქტი უნდა გაღრმავდეს, განვითარდეს და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორები მოძებნო, როგორც ევროპაში, ისე აზიაში. ჩვენ ხიდი ვართო, ვიძახდით და მარტო ევროპა გვინდაო. სადმე გინახავთ ცალ მხარეზე დამაგრებული ხიდი?! ანუ, ორივე მხარესთან უნდა გქონდეს კონტაქტი და აი, ეს მოხდა ახლა. რეალურად, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის დამსახურებით მოხდა ეს ყველაფერი. მათ კარგი გაგებით იაფერისტეს, ითამაშეს პოლიტიკური თამაშები და გაგვიყვანეს აღმოსავლეთზეც. აი, ეს ხაზია მნიშვნელოვანი, რომ აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთნაირად უნდა მივიღოთ და განვავითაროთ ჩვენში და საქართველოს ეს ისტორიული როლი და პათოსი შევასრულოთ, თავის „ვაფხისტყაოსნიან“ ყველაფრიანად, ლექსი რომ სპარსული ჰქონდა და მსოფლმხედველობა ქრისტიანული, ევროპული. აი, მე მგონი, ამ მომენტმა ითამაშა როლი და შესაბამისმა ნაბიჯებმა“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
ამასთან, როგორც საყვარელიძემ განაცხადა, „სალომე ზურაბიშვილის მოქმედებების მოტივაციაში წამყვანი ის არის, აქედან რომ წავა, უცხოეთში იპოვოს ნავსაყუდელი“.
„ყველას გვაქვს ეს კითხვის ნიშანი, რატომ იქცევა პრეზიდენტი ისე, როგორც იქცევა. მგონი, მის მოტივაციაში ახლა წამყვანი არის ის, რომ აქედან რომ წავა, უცხოეთში იპოვოს ნავსაყუდელი და ვფიქრობ, უცხოურ პოლიტიკურ წრეებში იკეთებს საშვს, რომ აი, მან ჩაიდინა ეს, ეს და ეს, ემხრობოდა ევროპას, დარბოდა ევროპაში და ა.შ. ის იკეთებს ისეთ CV-ს, რომელიც ევროპაში კანდიდატებში ეფექტურად, შედეგიანად დაიდება“, – განაცხადა საყვარელიძემ.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი თუ აღმოაჩენს, რომ დასავლეთს მიხეილ სააკაშვილის ბედი აინტერესებს და ის თუ მას შეიწყალებს, ეს პროგრესულობაში ჩაეთვლება, მან შეიძლება, სააკაშვილი შეიწყალოს.