რამაზ საყვარელიძე - მოძალადის შესაჩერებლად სანქციების პრაქტიკა ისეთი გამოცდილი არ არის, როგორც სამხედრო ძალით მისი შეჩერების პრაქტიკა და ამიტომ, პროგნოზი ძნელია
მოძალადის შესაჩერებლად სანქციების პრაქტიკა ისეთი გამოცდილი არ არის, როგორც სამხედრო ძალით მისი შეჩერების პრაქტიკა და ამიტომ, პროგნოზი ძნელია, – ასე უპასუხა პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, არის თუ არა საკმარისი დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციები აგრესიის შესაჩერებლად.
„ჩვენ უნდა შევხედოთ იმას, პოლიტიკურ პრაქტიკაში სანქციები რამდენად შედეგიანია. რაც მაშინ იყო ჰიტლერი, იგივე პრობლემაა დღეს პუტინი, ჩვენ ანალოგიური პრობლემის წინაშე ვართ და ჰიტლერის გასაჩერებელი კოალიცია რომ გაკეთდა, სამხედრო კოალიციის შექმნის და მისი სამხედრო ძალით დამარცხების გარდა ჰიტლერი ვერაფერმა ვერ შეაჩერა. ჩვენ წინ არის მაგალითი ირანის, რომელსაც უზარმაზარი სანქციები დაუწესეს, მაგრამ ის თავის ატომურ პროგრამას მაინც ახორციელებს და ირანმა ჭკუა არ ისწავლა, თუ შეიძლება, ასე ითქვას, მაგრამ რატომ ველოდებით, რომ ამ შემთხვევაში იქნება სხვა შედეგი?! – ჯერ ერთი, იმიტომ, რომ თვითონ რუსეთი ეკონომიკურად საკმაოდ სუსტი ქვეყანაა; რუსეთს აგრესიისთვის ჰყოფნის სახსრები და ეკონომიკა, იარაღის რაღაც დონემდე შესაქმნელად, მაგრამ იმისთვის, რომ სანქციებს გაუძლოს, კაცმა არ იცის, ძალა ეყოფა თუ არა. საუბარია გრძელვადიან პერსპექტივაზე, თორემ მოკლე ვადაში პუტინს ვერანაირად ვერ აგრძნობინებ, რომ მას უჭირს. სანქციებით რუსეთის შეჩერებას დრო უნდა, დროს კიდევ უნდა უკრაინის გამძლეობა. უკრაინამ უნდა გაუძლოს რაღაც პერიოდი და მე მგონი, საკმაოდ ეფექტურად უძლებს. ვფიქრობ, უკრაინის გამძლეობა და სანქციები რომ ერთმანეთთან დაკავშირდება, შედეგი მაშინ გამოჩნდება. თუმცა, შესაძლოა, ეს შედეგი ასე თვალსაჩინო არ იყოს. ანუ, პუტინმა არ თქვას, დიდი ბოდიში და წავედი სახლშიო“, – განაცხადა საყვარელიძემ.
მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე პროცესების პროგნოზირება ამ ეტაპზე რთულია, მაგრამ თუ უკრაინამ გაუძლო, შესაძლოა, რუსეთმა რაღაც ეტაპის შემდეგ მოლაპარაკებებზე დაიწყოს საუბარი.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა შეიძლება, იყოს შედეგი უკრაინისთვის, თუ რა თქმა უნდა, ეს მოლაპარაკება დაიწყება, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომ უკრაინისთვის შედეგი ქვეყნის დანგრევისგან გადარჩენაა, რუსეთისთვის კი შედეგი შეიძლება, იყოს ქვეყნის ეკონომიკის დანგრევისგან გადარჩენა.
„ორივე შემთხვევაში, მე მგონი, სალაპარაკო თემა იქნება ნეიტრალიტეტის საკითხი; ამ თემაზე წამოვა ლაპარაკი და ეს უკვე უკრაინის გამარჯვებაა. აი, ნეიტრალური ქვეყანა არის ფინეთი, რომელმაც ნეიტრალიტეტი თავის დროზე, საბჭოთა კავშირის შიშით აირჩია, მაგრამ ახლა, როცა სიტუაცია შეიქმნა, ფინეთი ნატო-ში შესვლას გეგმავს. ასე რომ, დღეს უკრაინამ ნეიტრალიტეტი რომც აირჩიოს, ხვალ ვერავინ ეტყვის, არიქა, შენ ნეიტრალიტეტი გაქვს და ნატო-ში არ შეგიშვებთო. უკრაინას ხვალ შეუძლია, განაცხადოს – მივდივარ ნატო-ში. ანუ, მას შეუძლია, ასე ვთქვათ, ზეწოლის რაუნდი მოიგოს, რუსეთი თავისი ტერიტორიიდან გაუშვას და შემდეგ გააგრძელოს იგივე, რასაც აკეთებდა“, – განაცხადა საყვარელიძემ.
შეკითხვაზე, არის თუ არა უკრაინის ნეიტრალიტეტი ის საკითხი, რითაც შეიძლება, რუსეთი დაკმაყოფილდეს, რამაზ საყვარელიძემ აღნიშნა, რომ თუ რუსეთს სანქციები მოუჭერს და მის მარწუხებში აღმოჩნდება, ის ნებისმიერი რამით დაკმაყოფილდება, ოღონდ, საბაბი ჰქონდეს საიმისოდ, რომ თავის მოსახლეობას უთხრას, მე გავიმარჯვეო და სახლში წავიდეს, რადგან პუტინს 2024 წლის არჩევნებში გამარჯვება სჭირდება.
„იმიტომ, რომ 2024-ში რუსეთს არჩევნები აქვს და იმ არჩევნებზე პუტინს გამარჯვება სჭირდება. ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ პუტინმა სწორედ არჩევნებისთვის წამოიწყო ეს იდიოტური კამპანია“, – განაცხადა საყვარელიძემ.