რამაზ საყვარელიძე - მიხეილ სააკაშვილს ხელის შეწმენდის პოლიტიკა ყოველთვის ჰქონდა
სააკაშვილის ნათქვამს მთელი საქართველო უფრო სერიოზულად ვეპყრობით, ვიდრე ღირსია ეს ნათქვამი, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
საყვარელიძემ უპასუხა წამყვანის შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა, მიხეილ სააკაშვილის „შპიგელთან“ ინტერვიუ აღვიქვათ ნიკა მელიას ირიბ მხარდაჭერად, რადგან საკუთარი გუნდიდან მან მხოლოდ მერაბიშვილი ახსენა და თქვა, რომ გირგვლიანის საქმის შემდეგ მის თანამდებობაზე დატოვებას ნანობს, ამ დრომდე კი არჩევნებთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს და არც რომელიმე გუნდისთვის გამოუხატავს მხარდაჭერა.
„მე არ მჯეროდა, რომ ამ ორი კანდიდატიდან, მელიადან და ხაბეიშვილიდან რომელიმეს აირჩევდა. ვვარაუდობდი, რომ მამულაშვილისკენ წავიდოდა მისი ყურადღება, რადგან, ჯერ ერთი, იქ შეიარაღებული ძალაა და მას უყვარს იარაღი. მეორეც, ამ ორ კანდიდატში მას უკვე იმედგაცრუება აქვს. ჩვენ გვახსოვს, რომ მელია თავმჯდომარის პოსტზე ისე გავიდა, მიშა ამის მომხრე არ იყო. ის, ფაქტობრივად, ფაქტის წინაშე დააყენეს და ახლა კეზერაშვილის გუნდის მიმართაც მკაფიოდ გამოხატა ეს. მას თვითონ არ აქვს რაღაცები ჩამოყალიბებული და მგონია, მთელი საქართველო მის ნათქვამს უფრო სერიოზულად ვეპყრობით, ვიდრე ღირსია ეს ნათქვამი. დააკვირდით, კაცმა ისაყვედურა, ჩემი კადრები რატომ გამოაქვეყნეთ და ჭკუასუსტად რატომ გამომიყვანეთო, ამ დროს კი მთელი მისი პარტია და საახლობლო იძახის, დემენცია აქვსო. დემენცია და ჭკუასუსტობა ხომ ერთი და იგივეა და თუ იმაზე თანახმა ხარ, დემენცია მოგაწებონ, ამაზე რატომ აცხადებ, ჭკუასუსტად არ გამომიყვანოთო? ეს დემენციის ბრალი არის თუ არა, არ ვიცი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ურთიერთსაწინააღმდეგო რაღაცებს იძახის. ამიტომ მისი ნათქვამისთვის დიდი მნიშვნელობის მიცემა არ ღირს“, – განაცხადა საყვარელიძემ.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ხელის შეწმენდის პოლიტიკა ყოველთვის ჰქონდა.
„მერაბიშვილზე ეგ ადრეც თქვა. ხელის შეწმენდის პოლიტიკა ყოველთვის ჰქონდა და ანალოგიური ხელის შეწმენდის პოლიტიკაა ახლა აქაც, რომ პუტინმა ჩამისვა ვიღაცები და წამომიყვანაო. ჩემოდანი ხარ, არაჟანი ხარ თუ რა, რას ნიშნავს წამოგიყვანა?“ – განაცხადა საყვარელიძემ.
ამასთან, პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რამე ფინანსურ პრობლემაში იყო გახვეული და საქართველოში ამიტომ წამოვიდა.
„იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი აზროვნებისთვის დამახასიათებელია ქაოსი, არ მგონია, ასეთი შორს მიმავალი მიზნებით იყოს წამოსული. აქ რომ შემოვიდა ჩუმად, გასაგებია, მაგრამ უკრაინის საზღვარი რატომ გადმოლახა ჩუმად? ესე იგი, იქიდან ჩუმად გამოიპარა, ხომ? ანუ, უკრაინაში არ უნდა სცოდნოდათ, სად იყო და მართლა ოთხი დღე არ იცოდნენ, სად იყო. იქიდან თუ გამოიპარა, ესე იგი, სულ სხვა დრამატურგიას ვიღებთ. ისიც არ ვიცით, შეიძლება, რაღაც ფინანსურ ამბავში იყო გახვეული. ამდენი ფულის მოყვარული რომ არის, გამოვრიცხავთ, რომ რაღაც ფულიან საქმეში გაეხვა უკრაინაში და მერე გამოსაქცევად ჰქონდა საქმე?“ – განაცხადა საყვარელიძემ.
რამაზ საყვარელიძე ასევე გამოეხმაურა გიული ალასანიას განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ სააკაშვილის ზელენსკის გვერდით ყოფნა პუტინს არ უნდოდა.
„რა საინტერესოა, გიულის რომ აქვს ვერსია, პუტინს უნდოდა, სააკაშვილი არ ყოფილიყო ზელენსკის გვერდითო, მისმა ძმამ უთხრა თუ არა ეს ვერსია? იმიტომ, რომ რუსული გეგმების ცოდნაში უფრო კომპეტენტური ადამიანი, ვიდრე მისი ძმაა, ძნელი წარმოსადგენია“, – განაცხადა საყვარელიძემ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა შედეგებით შეიძლება, დასრულდეს არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“, შეძლებენ თუ არა მხარეები ერთმანეთთან თანამშრომლობას და აქვს თუ არა პარტიას ერთიანობის შენარჩუნების რესურსი, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომ ისინი თანამშრომლობას ვერ შეძლებენ და „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება.