რამაზ საყვარელიძე - დღეს მთელ პოლიტიკურ დასავლეთს უნდა გაუმკლავდეს საქართველო, მას მერე, რაც გაუმკლავდება და წელგამართული ქვეყანა იქნება, იმ ევროპულ ოჯახშიც დიდი პატივით მიიღებენ
ეს ოპერატიული პასუხიც ღიმილის მომგვრელია, როგორც ჩანს, დამწვარის სუნი იგრძნეს და მოეწვათ, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა ოლივერ ვარჰეის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის აღნიშნავს, რომ მისი სატელეფონო საუბრის გარკვეული ნაწილი კონტექსტიდან იქნა ამოგლეჯილი და ირაკლი კობახიძესთან საუბრისას სლოვაკეთის ტრაგიკული მოვლენა იქნა მოყვანილი, როგორც მაგალითი და მითითება, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს პოლარიზაციის მაღალმა დონემ საზოგადოებაში.
„თან, ხაზი გაუსვა, მე ამ კონტექსტში ვიგულისხმეო. ესე იგი, არ ახსენა თვითონ კონტექსტი და იგულისხმა. ასე, არც ირაკლი კობახიძეს არ უხსენებია, რა კონტექსტში ითქვა. ამის მსგავსი მომხდარა, ამერიკის პრეზიდენტი ბოლომდე გააგორეს და აქამდე არ იციან, ვინ გააგორა. ეს რომ გააგორეს და სროლა რამდენი იყო? ამაზე ეჭორავება? ეს განცხადება იდიოტობაა, მეტი არაფერი. ეს ნიშნავს არაპროფესიონალურ დამოკიდებულებას და ამ განცხადებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ადრე ბორელმა გვითხრა, მე პროფესორი ვარო და რას ნიშნავდა ეს? – არაკომპეტენტურობას. ლანდსბერგისის და ამ საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი და დემარში რას ნიშნავდა? – არაპროფესიონალიზმს. მოკლედ, მსოფლიო მიაქვს არაკომპეტენტურობას და არაპროფესიონალიზმს. რას ნიშნავს იმის თქმა, რასაც ბლინკენისგან ვისმენთ, ირანის პრეზიდენტის გარდაცვალებაზე, უი, რა კარგია, რომ გარდაიცვალაო? ესეც ხომ არაფერში არ ჯდება? როგორც ჩანს, ჩვენი და მსოფლიოს ურთიერთობის ეთიკური და დიპლომატიური ნორმები ერთმანეთს არ შეესაბამება“, – განაცხადა საყვარელიძემ.
მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ მიდის ისეთივე ომი, როგორი სისხლიანი ომიც არაერთი გადაგვიტანია, ოღონდ ეს პოლიტიკური ომია.
„დიდგორი ვახსენე ამას წინათ, როგორც აღმაშენებელი ებრძოდა კოალიციას, დღეს მთელ პოლიტიკურ დასავლეთს უნდა გაუმკლავდეს საქართველო. გაუმკლავდება და მას მერე, რაც გაუმკლავდება და ღონიერი, წელგამართული ქვეყანა იქნება, მერე იმ ევროპულ ოჯახშიც დიდი პატივით მიიღებენ. ეს უნდა ვიცოდეთ. მთავარია, ახლა ეს კრიზისი ისე გადავიტანოთ, როგორც ჩვენს ღირსებას შეეფერება“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.