რამაზ საყვარელიძე - დარწმუნებული ვარ, ოპოზიციამ კარგად იცის, რომ დამარცხდა, თუმცა, მგონი, ვიღაცასთან აქვს ვალი, სხვა თუ არაფერი, თავის ამომრჩეველთან, რომელიც ბრძოლას ითხოვს და ოპოზიციაც ანახებს, რომ იბრძვის
არაერთხელ გაგვიგია და გამოგვიცდია კიდეც, რომ სიტყვა სანდო არ არის, მით უმეტეს, პოლიტიკოსის ნათქვამი, – ასე უპასუხა პოლიტოლოგმა და ფსიქოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, შევა თუ არა პარლამენტში ოპოზიცია, რადგან, როგორც თავად ამბობენ, ისინი საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებენ, ხოლო, პროტესტის პარალელურად, ხელისუფლების წარმომადგენლები და ოპოზიციის ნაწილი, ვინც 5-პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა, ამბობენ, რომ, საბოლოოდ, პროტესტის მონაწილეები მაინც შევლენ პარლამენტში.
„ზოგადად, ამ პროცესს რაც შეეხება, ხელისუფლების მიერ ნათქვამი ვერსია ჩემთვის ცალსახად სწორია მარტივი მიზეზის გამო. რაოდენობებზე აღარ ვლაპარაკობ. ხელისუფლებას გამოცხადებული ჰქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობის აღება და თუკი გააყალბებდა, აიღებდა ამ საკონსტიტუციო უმრავლესობას, ხომ?! ხელისუფლებას სურდა ლიდერობა. მით უმეტეს, თბილისის მერი ჰყავდა თავისი გენერალური მდივანი და, წესით, სირცხვილიც კი არის ხელისუფლებისთვის, რომ ცოტა ნაკლები შედეგები მიიღო თბილისში, ვიდრე სხვაგან. ამასაც გააყალბებდა და ამოწევდა, დედაქალაქია ხომ, ბოლოს და ბოლოს? ასეთი ლოგიკური ნაბიჯები ხელისუფლებამ არ გადადგა და ამიტომ ჩემთვის სრულიად გაუგებარია, საიდან მოგვაქვს, რომ გაყალბდა? ოპოზიციას არცერთ არჩევნებში არ მოუგია, არცერთ გამოკვლევაში უპირატესობა არ ჰქონიათ და იძახიან, გაყალბდაო, გაყალბების მოტივი კი გაუგებარია“, – განაცხადა საყვარელიძემ.
მისი თქმით, არის მოსაზრება, რომ წამყვანი იყო ომის თემა, რაც ლოგიკურია, რადგან ომი არავის უნდა.
„მთელ მსოფლიოში არავის არ უნდა ომი და რაღა ჩვენ უნდა გვინდოდეს? მეორე, მიშას მობრუნებამ წამოიწია, რიტორიკაში არა, პროპაგანდა არც იყო. გამოითვალეს, რომ თუ „ოცნებას“ გადააგდებ, მერე გრჩება „ნაციონალური მოძრაობა“. ესე იგი, არ უნდა ამ ხალხს მიშას მეორედ მოსვლა. ქრისტეს მეორედ მოსვლა არ უნდოდათ და მიშას მეორედ მოსვლა ენდომებათ? ამ პირობებში სრულიად ლოგიკურია მიღებული შედეგები. მიშას მობრუნების თემა ადრეც იყო, მაგრამ ახლა ომი დაემატა და ამან აწია შედეგები. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის, რომ დამარცხდა და გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, თუმცა, მგონი, მარტივი რამ ხდება, ამ ხალხს აქვს ვიღაცასთან ვალი, სხვა თუ არაფერი, თავის ამომრჩეველთან, რომელიც მისგან აგრესიას, ბრძოლას ითხოვს და ოპოზიციაც ანახებს, რომ იბრძვის“, – განაცხადა საყვარელიძემ.
როგორც საყვარელიძემ აღნიშნა, მაღალი შედეგი აჩვენა არამხოლოდ ხელისუფლებამ, გაცილებით მაღალი შედეგი აიღო ოპოზიციამაც.
„ოპოზიციამაც მაღალი შედეგი აჩვენა. საინფორმაციო ომმა მაინც თავისი შედეგები დადო როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. სამზარეულოში დარჩენილი ხალხი იყო ნაკლები და, მგონი, გადანაწილდა ეს ხალხი ერთსა და მეორე მხარეს. მუშაობით ბევრმა რამემ იმუშავა და, მათ შორის, იმანაც, მანამდე სასინჯი კანონი რომ შემოიტანეს და გაიტანეს, მერე კი შემოიტანეს და დატოვეს. ამან ძალიან ბევრი ემოცია გამოიწვია საიმისოდ, რომ ვინც სამზარეულოში იყო, ისიც გამოვიდა ქუჩაში“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.