რამაზ საყვარელიძე - ჩინეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრამ გვაჩვენა, რომ ჭადრაკის დაფაზე პროცესები თითქოს ძალიან ჯანსაღად მიდის
ჩინეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრამ გვაჩვენა, რომ ჭადრაკის დაფაზე პროცესები თითქოს ძალიან ჯანსაღად მიდის, – ასე პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
საყვარელიძემ უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას, რა გვაჩვენა სი ძინპინისა და ჯო ბაიდენის შეხვედრამ, რომელსაც მსოფლიო თვეები ელოდა, როცა ექვსი წლის შემდეგ სან ფრანცისკოში ჩინეთის პრეზიდენტი პირველად ჩავიდა და თავის ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრა გამართა.
„მართლაც საშური საქმეა ის, რომ ორ ზესახელმწიფოს ერთმანეთთან დიალოგის არხი ეხსნება. ამ შეხვედრამ გვაჩვენა ისიც, რომ ამ ორი ზესახელმწიფოდან უფრო ადეკვატური არის ჩინეთი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, და წინააღმდეგობრივი არის ბაიდენი, კაცი, რომელსაც კონტროლი არ აქვს დაწესებული თავის განცხადებებზე. დიქტატორს რომ დაუძახებს ხუთი წუთის წინ დიალოგში მყოფ ადამიანს, აქ ალბათ დიპლომატიაზე ლაპარაკი ზედმეტია, თუმცა ეს შეხვედრა თავისთავად ძალიან დიდი მნიშვნელობის ფაქტია, თან ჩვენთვის“, – განაცხადა საყვარელიძემ.
მისი თქმით, საქართველოსთვის სასიცოცხლო აუცილებლობა იყო ის, რომ დიდი ქვეყნები ერთმანეთთან ყოფილიყვნენ და ამ შეხვედრაზე ეს მოხდა.
„მიუხედავად იმისა, რომ ბევრნაირი პოზიციაა, არის ის პოზიციაც, რომ აშშ დაინტერესებული იყო, ქართული გზა აყირავებულიყო, რევოლუციით, ამით-იმით და ა.შ. ამ აყირავების ერთ-ერთი ძირითადი მოტივი იყო ჩინეთი, რადგან ჩინეთიდან უნდა წამოვიდეს ტვირთები ევროპისკენ და თუ ამათ ერთმანეთთან დიალოგი დაიწყეს, ისეთი მოულოდნელი დეგნანური ჩქმეტები ალბათ ნაკლებად იქნება, რაც ყველაზე უფრო დეგნანის მოღვაწეობის დროს იყო საგრძნობი. ჩინეთის გზაზე მოულოდნელობების გაჩენა ალბათ ამოღებული იქნება ამერიკული ინსტრუმენტებიდან და ის სხვა ტიპის ინსტრუმენტებით ეცდება, ჩინეთი დუელში გამოიწვიოს“, – განაცხადა საყვარელიძემ.
მაკა ცინცაძემ გადაცემის სტუმარს ასევე ჰკითხა, რამ გამოიწვია საქართველოში აშშ-ის ელჩის გაღიზიანება მაშინ, როდესაც აშშ თავად ცდილობს, ჩინეთთან ურთიერთობა დაალაგოს და, ცხადია, საქართველოც საკუთარი ინტერესის გათვალისწინებით მოქმედებს და საქართველო-ჩინეთის ურთიერთობის კონტექსტში ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე რობინ დანიგანის პასუხი შეახსენა, სადაც ის ამბობს: „ჩვენ მხოლოდ ვურჩევდით საქართველოს, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას ვურჩევთ, როცა საქმე ეხება კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, პორტის ჩათვლით, საჭიროა, ზუსტად იცოდე, ვისთან თანამშრომლობ და რა გრძელვადიანი განზრახვები აქვთ მათ“ და ასევე ამბობს: „ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც სულ უფრო უახლოვდება რუსეთს, რუსეთს კი ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი. მგონია, რომ ცოტათი არასასურველი ვითარებაა“. აღნიშნულის პასუხად რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომ არ შეიძლება, პრეზიდენტი ერთს ამბობდეს და ელჩი – მეორეს.
„მოდით, ძალიან სერიოზულად ნუ დასვამთ ამ კითხვას, რადგან ეს სერიოზული ხალხი არ არის, აშშ-ის პრეზიდენტიდან დაწყებული, ელჩით დამთავრებული. შეიძლება, პრეზიდენტი ერთს ამბობდეს და ელჩი – მეორეს? მათ პოზიციებში ხომ საერთო არაფერი არ არის? ელჩის ეს განაცხადი უფრო არის არა დღევანდელი პოლიტიკური ვითარების ანარეკლი, არამედ ზოგადი ამერიკული დამოკიდებულების ანარეკლი. თუ გახსოვთ, ტრამპის დროს პომპეო ჩამოვიდა საქართველოში, ანაკლიის პორტზე იყო საუბარი და დაადო თითი, აქ ჩინეთი არ შემოუშვათო. იქ გაჩნდა მოსაზრება, მაშინ ამერიკამ დააფინანსოსო, მაგრამ ამერიკა არც აფინანსებდა და არც ის უნდოდა, ჩინეთი შემოსულიყო. აი, იმ დროიდან მოდის ეკონომიკური ბრძოლა ჩინეთთან და ამის ანარეკლი იყო პომპეოს ეს ფრაზა. ახლა პომპეოს ფრაზა გადმოიტანა ქალბატონმა ელჩმა და არა – დღევანდელი პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამოწვეული დებულება. ასე რომ, დაშლილია პოლიტიკა. საერთოდ, ვინ მართავს ამერიკულ პოლიტიკას, ხომ არ ვიცით?! ხომ არ შეიძლება, ჩავთვალოთ, რომ ეს ჩერნენკოს მაგვარი არსება მართავს პოლიტიკას?!“ – განაცხადა საყვარელიძემ.
როგორც საყვარელიძემ აღნიშნა, ამერიკულ პოლიტიკაში, თანამდებობრივად, დღეს ორი ფიგურაა ანგარიშგასაწევი, პრეზიდენტის მრჩეველი და სახელმწიფო მდივანი და ფაქტია, ამ ორმა ადამიანმა მოახერხა, ჩინეთთან ჯახი აირიდონ და ურთიერთობა მშვიდობიან რელსებზე გადავიდეს.
„ამ ორი ადამიანისვე განსაკუთრებული ხელშეწყობით ჩინეთში ჩავიდა ასი წლის კისინჯერი, რომლის ძირითადი ფორმულა არის ხოლმე, დიდმა სახელმწიფოებმა ერთმანეთის ტყავი არ დაგლიჯონ. ეს საბჭოთა პერიოდშიც ასე იყო და სავარაუდოა, ახლაც ეს იყოს მისი ფორმულა, რომ ამერიკამ და ჩინეთმა ერთმანეთის ტყავი არ დაგლიჯონ“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.