რამაზ საყვარელიძე - არ მგონია, არჩევნებზე რამე ორიგინალური მოხდეს, ისევ მმართველი პარტია იქნება მმართველი, ოპოზიცია ვერ მოასწრებს მოსახლეობის იმ ნდობის შეძენას, რომელიც მის წინსვლას უზრუნველყოფს
არ მგონია, არჩევნებზე რამე ორიგინალური მოხდეს, ყველა ველოდებით, რომ ისევ მმართველი პარტია იქნება მმართველი, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.
„ოპოზიცია ვერ მოასწრებს, შეიძინოს მოსახლეობის მხრიდან ის ნდობა, რომელიც მის რამენაირ წინსვლას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა საყვარელიძემ.
მისი თქმით, შესაძლოა, მმართველი პარტია გაიყოს და თავისი განაყოფით ოპოზიციური ფრთა გააკეთოს.
„შეიძლება, მივიღოთ ორი პოზიციის მატარებელი პარტია ერთი ჯგუფიდან. ეს არაერთხელ მომხდარა, რომ მმართველ გუნდს ოპოზიცია გაუჩენია. ეს ახლა მიმაჩნია ძალიან მნიშვნელოვნად. ოპოზიციის დონე ნელ-ნელა ძალიან დაბლა იწევს. არის რეპლიკები, შეფასებები, რაღაც ტალახის წინ და უკან ტარება და ოპოზიციის დონე მოსახლეობის დონესაც წევს დაბლა. ამიტომ აღარ არის იმის დრო, რომ პოლიტიკის გაუფასურების პროცესი თავისუფლად მივუშვათ. ეს მერე ქვეყანას დაუბრუნდება“, – განაცხადა საყვარელიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად გამოიწვევს ეს მოცემულობა პოლიტიკური ლანდშაფტის რეალურ ცვლილებას, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომ რეალური პოლიტიკური ლანდშაფტი ყოველთვის არის ხოლმე ნებისმიერ დიდ ჯგუფში, რაღაც მოძრაობა და, შესაძლოა, ახალი მონოლითის გაკეთებას სჯობდეს ბუნებრივი ტენდენციით ამ ჯგუფების გაშლა და უფრო მდიდრული პოლიტიკური პანორამის გაკეთება, ვიდრე ამჟამად არის.
რამაზ საყვარელიძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოსთვის ერთპარტიული მონოპოლიური პოლიტიკური სისტემა დამღუპველია.