რამაზ საყვარელიძე - ახალგაზრდები თავიანთ კულტურას ქმნიან, რა არ შეიძლება, რა არის სირცხვილი, რა მისაღებია და ამ კულტურაში უნდა ჩაიხედო
რამაზ საყვარელიძე - ახალგაზრდები თავიანთ კულტურას ქმნიან, რა არ შეიძლება, რა არის სირცხვილი, რა მისაღებია და ამ კულტურაში უნდა ჩაიხედო

ახალგაზრდები თავიანთ კულტურას ქმნიან, რა არ შეიძლება, რა არის სირცხვილი, რა მისაღებია და შენ ამ კულტურაში უნდა ჩაიხედო, – ამის შესახებ ფსიქოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ინდურ-ჩინურ გამოთქმებში არის რჩევა მშობლებისთვის, რომ ხუთ-ექვს წლამდე ბავშვს უნდა მოექცე, როგორც მეფეს, რადგან მისი მე უნდა ჩამოყალიბდეს. ხუთი-ექვსი წლიდან 12 წლამდე ბავშვს უნდა მოექცე, როგორც მოსამსახურეს, რაც ბავშვსაც ეხალისება. სკოლაში რომ მიდის, სამსახურში მივდივარო, ამბობს. ანუ, მოსწონს შენი როლის თამაში. 12 წლიდან კი, მას უნდა მოექცე, როგორც მეგობარს. თუ ურთიერთობაში მეგობრული რეგისტრი არ არის, ის ამ ურთიერთობას აგდებს. ამიტომ ვამბობ, რომ უნდა შეხვიდე მის კულტურაში, მისი ძმაკაცი უნდა გახდე და მერე დაგიჯერებს. მას უნდა დაუგდო ყური და პატივი სცე, როგორც პიროვნებას და მერე ის გცემს პატივს, როგორც პიროვნებას. ანუ, ის 11-12 წლის ასაკში იწყებს ზრდასრულ ურთიერთობებს. ეს სწორედ ის ასაკია, რომლის მერეც მოდის კრიმინალიზაცია“, – განაცხადა საყვარელიძემ. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, საიდან მოდის აგრესია ბავშვებში და შემდეგ უკვე, ზრდასრულ ასაკში, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომ დღეს არის მსჯელობა, რატომ არის ახალგაზრდა აგრესიული, მაგრამ პრობლემის ფესვები გაცილებით ღრმად მიდის და ამ სიღრმეს შესწავლა უნდა.

„სახელმწიფომ ვერაფრით დაადგა თავი იმას, რომ გამოკვლეული იყოს საზოგადოების მტკივნეული ავადმყოფობები. დიაგნოზი ხომ უნდა დაისვას?! სულ არის იმაზე ზრუნვა, აბა, რა გავაკეთოთ. ჯერ გაიგე, რა ხდება და მერე შეიძლება, რაღაც გააკეთო. დიდი ბოდიში, მაგრამ სრული არაპროფესიონალიზმია. ვის ეხება, არც ვიცი, მაგრამ ეს არ არის ერთი უწყების საქმე, ეს სხვადასხვა უწყების და მეცნიერული ჯგუფების საქმეა. ჟურნალისტები გვეკითხებიან, რას ვფიქრობთ, მაგრამ ამას ფიქრი არ უნდა, ჯერ გამოკვლევა უნდა, რა არის დაგროვილი აგრესიის რეალური მიზეზი“, – განაცხადა საყვარელიძემ.

მისი თქმით, თუ არ გვინდა, რომ აგრესიის და ნარკომანიის პრობლემა კიდევ უფრო გაღრმავდეს, მედიამ პედალირება უნდა გააკეთოს ხელისუფლების მიმართ, რომ ამ მიმართულებებით კვლევები დაფინანსდეს.

„ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე ვდგავართ. საყურადღებო ისიც არის, რომ ნარკომანიასთან ბრძოლაში ეფექტური აღმოჩნდა ეკლესია. ანუ, სულიერ სამყაროში რაღაცის შეტანამ ნარკომანიის მანია ჩააქრო. ესე იგი, სადღაც უფრო ღრმად არის მიზეზები“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.