„რაინმეტალის“ აღმასრულებელი დირექტორი - ევროკავშირის ლიდერებმა უნდა განიხილონ ისრაელის „რკინის გუმბათის“ მსგავსი საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნის საკითხი
ევროკავშირის ლიდერებმა უნდა განიხილონ ისრაელის „რკინის გუმბათის“ მსგავსი საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნის საკითხი, – ამის შესახებ ევროპის უმსხვილესი საბრძოლო მასალის მწარმოებელი კომპანიის, „რაინმეტალის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, არმინ პაპერგერმა განაცხადა.
პაპერგერმა თქვა, რომ მოკლე მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვა არის „ისეთი რამ, რაც მათ სურთ ევროპაში შექმნან“.
„ფაინენშელ თაიმსი“ წერს, რომ ეს შეიძლება, მიუთითებს ბერლინის მიერ მხარდაჭერილი ევროპული „სქაი შილდის“ ინიციატივაზე. „რკინის გუმბათის“ მოქმედების მანძილი 70 კილომეტრია, რომელსაც ისრაელი 2011 წლიდან მოკლე მანძილზე მფრენი რაკეტების გასანეიტრალებლად იყენებს.
2022 წლის ბოლოს გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გამოაცხადა ევროპული „სქაი შილდის“ ინიციატივა, სადაც მან წარმოადგინა ევროპული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნის გზა აღჭურვილობის ერთობლივი შესყიდვით.
„ფაინენშელ თაიმსის“ ცნობით, ინიციატივას 21-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი, თუმცა ამან განარისხა საფრანგეთი, რომლის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ინიციატივა სტრატეგიულად დამაბნეველი და ცუდად ჩაფიქრებულია, რადგან ის არ მოიცავს ევროპული საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მათ შორის, ფრანკო-იტალიურ SAMP/T-ს.
„რაინმეტალმა“ თებერვალში განაცხადა, რომ 600 მილიონ ევროდ გერმანიის შეიარაღებულ ძალებს მიჰყიდა თავისი „სქაირეინჯერ 30“-ის ტიპის მოკლე მანძილის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს უპილოტო აპარატების წინააღმდეგ.
ევროკავშირის თავდაცვის სტრატეგია 2035 წლისთვის ითვალისწინებს „შესაძლებლობებს, რომლებიც დაკავშირებულია ინტეგრირებულ ევროპულ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვასთან“. ინტეგრირებული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები დასახელდა ევროკავშირის თავდაცვის შესაძლებლობების 22 პრიორიტეტიდან ერთ-ერთად.
ევროკავშირი ასევე მუშაობს ახალ თავდაცვის სტრატეგიაზე, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივი შესყიდვების გაძლიერებას და პირველად ადგენს მიზნებს ბლოკის მწარმოებლებისგან ყიდვის შესახებ.