რაგბიში საქართველო-შოტლანდიის ნაკრებების შეხვედრასთან დაკავშირებით 20:00 საათიდან მატჩის დასრულებამდე „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩები გადაიკეტება
რაგბიში საქართველო-შოტლანდიის ნაკრებებს შორის გასამართ მატჩთან დაკავშირებით 20:00 საათიდან მატჩის დასრულებამდე „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩები დაიკეტება, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 31 აგვისტოს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე – „დინამო არენა“ რაგბიში საქართველო-შოტლანდიის ნაკრებებს შორის გასამართ მატჩთან დაკავშირებით 20:00 საათიდან მატჩის დასრულებამდე მთლიანად დაიკეტება სტადიონის მიმდებარე ქუჩები, კერძოდ:
– გიორგი ცაბაძის და დავით ყიფიანის ქუჩები სრულად, ხოლო წინამძღვრიშვილის ქუჩა – ნაწილობრივ.
მარცხენა სანაპიროდან ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება ცაბაძის ქუჩაზე, შესაბამისად ისინი მოძრაობას გააგრძელებენ პირდაპირ – ვახუშტის ხიდის მიმართულებით.
აკაკის წერეთლის გამზირიდან სტადიონისკენ მოძრავი ავტომანქანები ქუთაისის ქუჩით ისარგებლებენ, საიდანაც მოძრაობის გაგრძელებას შეძლებენ როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა სანაპიროზე.
ხოლო ვახუშტის ხიდიდან გადმომსვლელი ავტომანქანები იმოძრავებენ მხოლოდ დიდუბის მეტროს მიმართულებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, ყველა აღნიშნულ ქუჩაზე ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ.