რაგბის კავშირში შემავალი კლუბების საინიციატივო ჯგუფი რაგბის გამგეობის გადადგომას მოითხოვს
რაგბის კავშირში დაპირისპირების ფაქტზე, რა დროსაც მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, საქართველოს რაგბის კავშირში შემავალი კლუბების საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მიმართვა გაავრცელეს.
საინიციატივო ჯგუფი რაგბის კავშირში დღევანდელი შემთხვევის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის. მათი განცხადებით, რამაზ ხარაზიშვილს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომაროება სტაბილურია. როგორც მიმართვაშია საუბარი, „რაგბის კავშირში „კლანის“ მოშორების მტკივნეული პროცესი მიმდინარეობს“.
როგორც საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, სანდრო საკანდლია აცხადებს, „კლანთან“ ბრძოლა ხუთი წელია, მიმდინარეობს და ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა რაგბის კავშირში არსებული პრობლემების საჯაროდ გამოტანა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ივნისში როდესაც პარალიზებული იყო რაგბის კავშირი, სარაგბო კლუბებმა შექმნეს საბჭო, რომლის წევრიც ასევე არის რამაზ ხარაზიშვილი. მათი თქმით, „კლანი“ ამ საბჭოს შექმნას ეწინააღმდეგებოდა და უარს აცხადებდა მათთვის ფინანსურ ინფორმაციის გადაცემაზე. რაგბის კავშირში შემავალი კლუბების საინიციატივო ჯგუფი რაგბის გამგეობის გადადგომას მოითხოვს.
„მინდა, კარგი ინფორმაციით დავიწყო შეხვედრა. ოპერაცია ჩაუტარდა რამაზს და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. იმედი ვიქონიოთ, რომ მალე ჩვენთან ერთად იქნება. ჩვენ წარმოვადგენთ რაგბის კავშირთან არსებულ საბჭოს, რომლის წევრიც არის ბატონი რამაზი და კლუბებთან ერთად გავაკეთეთ მართვა, რომელსაც წაგიკითხავთ:
დღევანდელი შეხვედრის მიზეზია ის სამარცხვინო ფაქტი, რაც რაგბის კავშირში მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილია საქართველოს შვიდკაცა ეროვნული ნაკრების მოქმედი კაპიტანი რამაზ ხარატიშვილი. იგი არის რაგბის კავშირის აქტიური წევრი, რომელიც არჩეული იყო 32 სარაგბო კლუბიდან 31 კლუბის მიერ, კლუბი „ლელოს“ გამოკლებით. აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა მორაგბეს სახელით გვინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადოთ. რაგბი ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის ვაჟკაცობასთან ასოცირდებოდა, წარმატებასთან და ტოლერანტობასთან. რაგბი იყო და იქნება ის, რითაც თითოეული ჩვენი მოქალაქე იამაყებს. მანამდე გვაქვს ერთი საქმე გასაკეთებელი, რომ რაგბის თემიდან კლანის მოშორება. რაგბის თემში მიმდინარეობს კლანის მოშორების მტკივნეული პროცესი. კლანის, რომელიც უკვე 12 წელია, რაც რაგბის კავშირში დამკვიდრებულია და მარწუხებს ყოველ წელს უფრო უჭერს რაგბის თემს. გვინდა, დავაფიქსიროთ, რომ ამ კლანთან ბრძოლა უკვე ხუთი წელია, რაც მიმდინარეობს, თუმცა ამის გარეთ გამოატანა არ ხდებოდა. თითოეული მორაგბე ვუფრთხილდებოდით რაგბის დადებით იმიჯს. ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა გვაიძულა, 2020 წლიდან რაგბის პრობლემები საჯაროდ გამოგვეტანა.
ივნისის თვეში, რა დროსაც რაგბის კავშირი პარალიზებული იყო და აღარ ფუნქციონირებდა სარაგბო კლუბები, სარაგბო კლუბებმა შექმნეს საბჭო, რომლის წევრიც არის რამაზი. კლანი აღნიშნული საბჭოს დაკანონების წინააღმდეგი იყო და აყენებდა პირობებს, რომ ამ საბჭოს არ ენახა რაგბის კავშირის ფინანსური ინფორმაცია. მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა, სახელმწიფოს ჩარევის შემდეგ შესაძლებელი გახდა მოლაპარაკებების მიღწევა, რის შედეგადაც სახელმწიფომ ქართულ რაგბს უპრეცედენტო დახმარება აღმოუჩინა. გაზარდა კლუბების დაფინანსება და ჩემპიონატების ორგანიზება და დღეს, უკვე დროებითი მმართველის დანიშვნის პირობებში, განახორციელა რაგბისთვის არაერთი სასარგებლო ინიციატივა, რომლის დაგვირგვინებაც იყო რაგბის რვა ერში მონაწილეობა. ამის პასუხად, კლანმა დაარღვია თავისი შეპირება და გამგეობას საბჭოს შექმნაში ბოიკოტი გამოუცხადა. დღეს შექმნილია მდგომარეობა, როცა კლანი ეწინააღმდეგება მორაგბეთა თემს, ასევე სახელმწიფოს. ამიტომ რაგბის გამგეობის გადადგომას მოვითხოვთ“, – განაცხადა სანდრო საკანდელიამ.
რაგბის კავშირში მომხდარ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
რაგბის კავშირში დღეს სროლა იყო, დაჭრილია ერთი ადამიანი. როგორც საქართველოს პირველ არხს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, თორნიკე გოგებაშვილმა განუცხადა, დაჭრილია საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი. რაგბის კავშირში სამართალდამცველები მუშაობენ.