რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე იკითხება
რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე იკითხება

რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე იკითხება.

გამოძიებას მასთან შეკითხვები თანხის შესაძლო არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით აქვს. საქმის პროკურორის, პაპუნა კერესელიძის განცხადებით, გოჩა სვანიძე მოწმის სტატუსით იკითხება.

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს გამოძიებას საქართველოს რაგბის კავშირში ქონების მითვისება-გაფლანგვისა და ამავე ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე. გამოძიება დაიწყო 2020 წლის 2 მარტს. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გოჩა სვანაძე ახლაც საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის წევრია, მანამდე ის იყო რაგბის კავშირის პრეზიდენტი და გამოძიებას ლოგიკურად გაუჩნდა კითხვები მის მიმართ. მან ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და გვაცნობა, რომ სურდა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენების მიცემა.

საუბარია სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვის კანონიერების შესწავლაზე, ასევე უძრავი ქონების გასხვისების საკითხზე. მოწმის სტატუსით ხდება დღეს მისი გამოკითხვა“, – განაცხადა პროკურორმა, პაპუნა კერესელიძემ.

თავად გოჩა სვანიძე აცხადებს, რომ მისთვის უცნობია კონკრეტულად რა საკითხზე ხდება მისი გამოკითხვა. მისივე თქმით, გამორიცხულია, საქმე ფინანსურ გადაცდომებს ეხებოდეს.

„არ ვიცი, რაზე დამიბარეს, ბევრი რამ შეიძლება ვივარაუდოთ. გამორიცხულია, ფინანსური გადაცდომები იყოს. საქმე საერთოდ რატომ აღიძრა, ეს არის საეჭვო ჩემთვის. ფინანსური გადაცდომები არ ყოფილა ჩვენთან. მე შემოვიღე რაგბის კავშირში ანგარიშგების ისეთი სისტემა, რომელიც ძალიან ბევრ წარმატებულ კომპანიასაც შეიძლება, არ ჰქონდეს საქართველოში. ეს არის „ბიდიოს“ დახმარებით, ელექტრონული ანგარიშსწორება, სადაც გამჭვირვალედ ჩანს ყველა დაინტერესებული პირისთვის.

ბიდიო“ პერიოდულად გვამოწმებდა და მითითებებს გვაძლევდა, რა ხარვეზები უნდა გამოგვესწორებინა“, – განაცხადა გოჩა სვანიძემ.