რაგბი | უმცროსი „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა იტალიასთან მატჩი შეაფასა #1TVSPORT
უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ჯგუფის ბოლო შეხვედრაში იტალიის ნაკრებს ბონუსქულით – 30:17 მოუგეს და ნახევარფინალში თამაშის შანსს ინარჩუნებენ.
იტალიასთან მატჩი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ შეაფასა:
„წინა თამაშში, არგენტინასთან სტრატეგიულად და ტაქტიკურად უკეთ გამოვიყურებოდით, დაცვაშიც უკეთ ვითამაშეთ, მხოლოდ ხუთჯერ დავჯარიმდით. ზონებიც სწორად გადავანაწილეთ, სად უნდა გვეთამაშა, სად არა.
იტალიასთან ეს ვერ შევძელით, დისციპლინაშიც არ ვიყავით სათანადოდ და ამან ბევრი პრობლემა მოიტანა, მაგრამ ბოლოს მაინც დავბრუნდით თამაშში და ეს ამ გუნდის ხასიათზე მეტყველებს. ამაყი ვარ მთელი გუნდით, სტაფით. ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, ვულოცავ წარმატებას.
ახლა ველოდებით, როგორ განვითარდება მოვლენები ჩვენს ჯგუფში და ან ნახევარფინალში ვითამაშებთ, ან მეხუთე-მერვე ადგილებისთვის მატჩებში“, – განაცხადა ლადო კილასონიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ჯგუფში მეორე შეხვედრა სამხრეთ აფრიკასა და არგენტინას შორის თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.