რაგბი | საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის ტესტმატჩების სერიის მეორე შეხვედრა იტალიასთან გამართა #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა შემოდგომის ტესტმატჩების სერიის მეორე შეხვედრა გენუაში იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და 17:20 დამარცხდა.
იტალია – საქართველო 20:17
იტალია
ლელო – საჯარიმო ლელო, ფუსკო
გარდასახვა – გარბისი
ჯარიმა – გარბისი (2)
საქართველო
ლელო – ტაბუცაძე, ლობჟანიძე
გარდასახვა – მატკავა (2)
ჯარიმა – მატკავა
თამაში იტალიელებმა სწრაფად და აგრესიულად დაიწყეს, მაგრამ „ბორჯღალოსნები“ კარგად გაუმკლავდნენ მათ შეტევებს და თანდათან თამაშიც გაათანაბრეს.
ანგარიში მასპინძლებმა 21-ე წუთზე საჯარიმო დარტმით გახსნეს, რასაც ორ წუთში ქართველი მორაგბეების მიერ სწრაფად გათამაშებული კომბინაცია და ულამაზესი ლელო მოჰყვა – თავი საქართველოს ნაკრების საუკეთესო მელელოვემ, აკაკი ტაბუცაძემ გამოიჩინა და „ბორჯღალოსნების“ რიგებში თავისი მე-40 ლელო მიითვალა, ლუკა მატკავამ კი ზუსტად გარდასახა და საქართველო 7:3 დაწინაურდა.
პირველი ტაიმის დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ლელო მიითვალა, დავით ნინიაშვილის მიერ წამოწყებული სწრაფი შეტევა გუნდის კაპიტანმა, ვასილ ლობჟანიძემ ძელებს შორის დადებული ლელოთი დააგვირგვინა, მატკავამ კი გარდასახვა ზუსტად დაარტყა და „ბორჯღალოსნებმა“ ტაიმი 17:6 მოიგეს.
53-ე წუთზე შეხვედრის არბიტრმა წესების დარღვევისთვის აკაკი ტაბუცაძე 10 წუთით გააძევა მოედნიდან, იტალიას კი საჯარიმო ლელო ჩაუთვალა – 17:13.
იტალიელები რიცხვობრივი უპირატესობის გამოყენებას შეეცადნენ, საქართველოს ნაკრები კი მთელი გუნდით ცდილობდა თავის დაცვას, მაგრამ იტალიელებმა მოახერხეს ლელოს დადება, ზუსტადაც გარდასახეს და 20:17 დაწინაურდნენ.
იტალიელებმა დარჩენილი დროც შეტევებში გაატარეს და საბოლოოდ შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანეს.
საქართველოს ნაკრები ნოემბრის ტესტების ბოლო შეხვედრას 24 ნოემბერს თბილისში ტონგას წინააღმდეგ ჩაატარებს.
ირაკლი ტყემალაძის ფოტოები (საქართველოს რაგბის კავშირი)