რაგბი | საქართველოს ნაკრები ფიჯისთან ტესტმატჩში, დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა წლის პირველი ტესტმატჩი ბათუმში ფიჯისთან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 12:21 დამარცხდა.
- „ბორჯღალოსნებმა“ ფიჯისთან ისტორიაში მეშვიდედ ითამაშეს. ჩვენი გუნდის ანგარიშზე ერთი მოგება და ამდენივე ფრეა. „მფრინავმა ფიჯელებმა“ მეხუთედ მოიგეს.
- საქართველოს ნაკრებმა ბათუმში ისტორიაში მეორედ ითამაშა. პირველად ამ სტადიონზე ქართველი მორაგბეები 2022 წლის ზაფხულში იტალიას დაუპირისპირდნენ და ტიერ 1-ის გუნდთან პირველი ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს – 28:19.
- მესამე მატჩია, ქართველებს ფიჯისთან ლელო არ გაუტანიათ.
საქართველოს ნაკრებმა ფიჯისთან ბოლოს 2023 წლის მსოფლიო თასზე ითამაშა და 12:17 დამარცხდა. ჩვენს გუნდს რევანშის შანსი საშინაო ტესტმატჩში ჰქონდა. „ბორჯღალოსნებს“ რამდენიმე წამყვანი მორაგბე აკლდათ, მათ შორის კაპიტანი მერაბ შარიქაძე. ფიჯისთან კაპიტანი ბექა გორგაძე იყო. საინტერესოა, რომ სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა მგეზავი თედო აბჟანდაძე. მას ბოლოს სასტარტოში 2023 წლის 23 სექტემბერს ჰქონდა ნათამაშები.
მატჩის წინ ფიჯის მწვრთნელმაც აღნიშნა, რომ გუნდი საქართველოში არასრული შემადგენლობით ჩამოვიდა. თუმცა კუნძულელებმა შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარეს. მატჩის საწყის წუთებზე საქართველო მატკავას ჯარიმით დაწინაურდა – 3:0. მანვე პირველ ტაიმში სამი საჯარიმო გამოიყენა, თუმცა ფიჯიმ მატას და დაკუვაქას ლელოებით ტაიმი 13:9 მოიგო.
დიდი მცდელობის მიუხედავად, მასპინძლებმა ლელოს გატანა ვერც მეორე ნახევარში მოახერხეს. საინტერესოა, რომ მესამე მატჩია, „ბორჯღალოსნებს“ ფიჯისთან ლელო არ დაუდიათ. ჩვენმა მეტოქემ კი მეორე ტაიმში დაცვაში უკეთ ითამაშა, ერთი ლელოც გაიტანა და საბოლოოდ სარკისებური ანგარიშით 21:12 მოიგო.